გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ფონიჭალაში მდებარე შპს „ნუტრიმაქსის“ მაღალტექნოლოგიურ საწარმოში იმყოფებოდა. მინისტრი, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად, კომბინირებული საკვების წარმოების შესაძლებლობებს გაეცნო.

შპს „ნუტრიმაქსი“ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველებისა და ფრინველებისთვის სხვადასხვა სახეობის კომბინირებულ საკვებს აწარმოებს. საწარმოში მიმდინარეობს მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის, ასევე ფრინველის საკვების წარმოება. მისი წლიური წარმადობა 80 000 ტონას შეადგენს, ხოლო პროდუქცია რეალიზდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე გადის სომხეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და მოლდოვაში.

კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია და სხვადასხვა წლებში სახელმწიფო პროგრამით „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ისარგებლა. სახელმწიფო პროგრამების, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“, მხარდაჭერით განხორციელდა საწარმოს მოწყობა და საჭირო ტექნოლოგიური აღჭურვილობის შეძენა. კომპანიაში 200 ადამიანია დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, კომბინირებული საკვების საწარმოების შექმნისა და განვითარების მიზნით, საქართველოს მასშტაბით გაცემულია 46 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 115 აგროსესხი, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 10 მილიონ ლარს აღემატება.

კომბინირებული საკვების საწარმოში, მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი, მარნეულის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზაურ დარგალი და  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.