საქართველოს პროკურატურა პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. პროკურორები ახალქალაქის N3, ქარელის N2, თელავის N7 , თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის და რუსთავის N21 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შეხვდნენ.
საინფორმაციო შეხვედრებზე პროკურორებმა ისაუბრეს პირადი ცხოვრების ხელყოფის სამართლებრივ ასპექტებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირადი საიდუმლოების დაცვის მნიშვნელობას, შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და კანონით გათვალისწინებულ სასჯელებს.
პროკურორებმა მოსწავლეებს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის საქმიანობაც გააცნეს. აღინიშნა, რომ აღნიშნული სამსახურის პრიორიტეტი მოწმეთა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვა, მათი ემოციური მხარდაჭერა და ხელახალი ვიქტიმიზაციის პრევენციაა.
შეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
მსგავსი ღონისძიებების მთავარი მიზანი მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენციაა.




