„გარემოსდაცვითი დღეები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბუნების დაცვა და ეკოსისტემების შენარჩუნება. 22 მაისი სწორედ ამ იდეის აღსანიშნავად დაწესდა“ - აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვის და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნატო სულთანიშვილმა.
„ხშირად გვგონია, რომ ჩვენი წვლილი უმნიშვნელოა, თუმცა რეალურად თითოეული ნაბიჯი მნიშვნელოვანია - არ დავაბინძუროთ გარემო, შევამციროთ ნარჩენები და დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა ბუნებაზე. სწორედ ამას უკავშირდება წლევანდელი გზავნილიც - „იმოქმედე ლოკალურად, გარემოზე გლობალური ზემოქმედებისთვის“, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ადგილობრივ დონეზე გადადგმული ნაბიჯები გლობალური მიზნების მიღწევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, - განაცხადა ნატო სულთანიშვილმა.
დაცული ტერიტორიები ბიომრავალფეროვნების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მოდელია, რომელიც უნიკალური ეკოსისტემების შენარჩუნებასა და ბუნებრივი გარემოს ხელუხლებლად დაცვას უზრუნველყოფს.
„დღეს საქართველოში კანონმდებლობისა და საერთაშორისო კრიტერიუმების შესაბამისად დაცული ტერიტორიების ექვსივე კატეგორიაა წარმოდგენილი. ქვეყნის ბიომრავალფეროვნების 90%-ზე მეტი სწორედ დაცულ ტერიტორიებზეა თავმოყრილი, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სახეობების აღდგენის პროექტი ხორციელდება“, - აღნიშნა ნატო სულთანიშვილმა.




