აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში „ბაქოს პროცესის“ ფარგლებში გამართულ კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ფორუმის ფარგლებში, გიულისტანის სასახლეში გამართული სპეციალური სესია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გახსნა. წლევანდელი ფორუმის სადისკუსიო თემა იყო - „დიალოგი საერთო მომავლისთვის: ხიდების მშენებლობა დაყოფილ სამყაროში“ .
საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი დონის მესამე შეხვედრისა და „ბაქოს პროცესის“ მინისტერიალის მეექვსე შეხვედრის სპეციალურ ერთობლივ სესიაზე, აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე მოხსენებით წარსდგა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კულტურის როლზე, ინტერკულტურული დიალოგის მნიშვნელობასა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კულტურულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციის მიმართულებით. ხაზი გაუსვა საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ეროვნულ იდენტობას.
“საქართველო მდიდარი კულტურული ისტორიის და უნიკალური ტრადიციების მქონე ქვეყანაა. ჩვენი კულტურა საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და დღესაც ეროვნული იდენტობის უმნიშვნელოვანეს საფუძველს წარმოადგენს. უძველესი ეკლესია-მონასტრები, ისტორიული ძეგლები, უნიკალური ქართული ანბანი, ტრადიციული რეწვა და მდიდარი მუსიკალური მემკვიდრეობა, ჩვენი ისტორიის მრავალფეროვნებას ასახავს. სწორედ ეს არის ინტერკულტურული დიალოგის ნამდვილი ღირებულება - შევინარჩუნოთ ის, რაც თითოეულ კულტურას უნიკალურს ხდის და ამავდროულად, ადამიანებსა და ერებს შორის ხიდები გავამყაროთ”, - აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, ნათია შამათავა.
სამდღიანი ფორუმი, რომელიც აერთიანებს კულტურის მინისტრებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აკადემიურ წრეებსა და სამოქალაქო სექტორს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და UNAOC, UNESCO, ICESCO და UN Tourism-თან პარტნიორობით იმართება.