კარგია, რომ შევთანხმდით, „კამიტი“ არ გამოგვიყენებია, საია-ც ადასტურებს, რომ ეს იყო სიცრუე, დეზინფორმაცია. არაერთგზის განვმარტეთ, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში, რაც საზოგადოებამაც კარგად იხილა, არ იყო მშვიდობიანი აქცია, ეს იყო ძალადობრივი აქცია, ხელისუფლების დამხობის მცდელობა და ამაზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. არაერთი პირის მიმართ უკვე შესაბამისი პასუხისმგებლობაც დადგა და წარდგენილი აქვს ბრალდება – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

"საზოგადოებამ იხილა, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობრივ აქციას. ძალადობრივი აქციის დროს, როდესაც ადგილი აქვს თავდასხმას პოლიციაზე, სახელმწიფო უწყებებზე, მათ შორის პარლამენტის შენობაზე და ა.შ. პოლიციის შესახებ კანონი შავით თეთრზე განსაზღვრავს, რა საშუალებები შეიძლება იქნას გამოყენებული. ეს არის როგორც აქტიური, ისე პასიური თავდაცვის საშუალებები, მათ შორის ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ა.შ.

რაც შეეხება ბრძანება 10.02-ს, ნამდვილად არსებობდა ასეთი ჩანაწერი, თუ არ ვცდები, 2021 წლამდე, რომლითაც შეზღუდული იყო წყლის ჭავლისა და გაზის ერთობლივად და პარალელურ რეჟიმში გამოყენება, თუმცა ვინაიდან ეს არ გამომდინარეობდა კანონის აკრძალვიდან, ჩვენ გავეცანით ასევე სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას, მათ შორის ეუთო/ოდირის სტანდარტებს, ამნესტის კონკრეტულ ანგარიშებს, იქ არანაირი შეზღუდვა და აკრძალვა არ ყოფილა. კანონში განსაზღვრულია მთავარი პრინციპი პროპორციულობასთან დაკავშირებით, სპეციალური საშუალება და ძალა გამოყენებული უნდა იქნას იმ პროპორციულობით, რა საფრთხეც არსებობს. თითოეულ ჩვენგანს გვინახავს არაერთი ფაქტი, ევროპული ქვეყნების პოლიცია რა ტიპის ძალებს იყენებს აქციის მოძალადე წევრების წინააღმდეგ, გვინახავს სპეციალური სასამსახურო ძაღლები, ცხენებით აქციის დაშლა და ა.შ. ამ შემთხვევაში იმ პროპორციით იყო გამოყენებული ის საშუალებები, რა ტიპის თავდასხმებიც არსებობდა პოლიციასა და სახელმწიფო უწყებებზე. ეს არაერთ საქმეში დევს. გახსენით ღია სივრცეში არაერთი ვებგვერდი და შეგიძლიათ ნახოთ, როგორ ხდებოდა „მოლოტოვის კოქტეილებით“ თავდასხმა, რამდენი ათასი ერთეული პიროტექნიკა იქნა გამოყენებული პოლიციელების წინააღმდეგ და სახეზე გვყავს ადამიანები, რომლებმაც დამწვრობა მიიღეს. 171 პოლიციელი არის „მშვიდობიანი“ მომიტინგეების მხრიდან დაშავებული. ძალიან ბევრ მათგანს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა, ერთმა ადამიანმა მხედველობა დაკარგა, ერთმა – სმენა. პროპორცია განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ცნობისთვის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით  აქციების დროს წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებენ.

მათი მხრიდან სარჩელში ნახსენები არ არის სიტყვა „კამიტი“.