ახალგაზრდული პროექტი "მე, ოჯახი, სახელმწიფო" საქართველოს საზღვრებს  გასცდა და მასში დიასპორული ორგანიზაციებიც ჩაერთნენ.

9-11 თებერვალს საბერძნეთის დედაქალაქში პროექტის ავტორმა, “ხალხის ძალის” წევრმა  თამარ ჩიბურდანიძემ ათენში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი იყო “საქართველო-საბერძნეთის მეგობრობის ასოციაციის” პრეზიდენტი ავთანდილ გიუნაშვილი, რომელმაც ათენში მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალება მისცა, პროექტს გასცნობოდნენ და მასში ჩართულიყვნენ. პროექტში მონაწილეობას  იღებს მისივე ორგანოზაციაც. 

ქართულ დიასპორებთან შეხვედრები გაიმართა ვახტანგ მეექვსის სახელობის ათენის საკვირაო სკოლაში და ნიკო გომელაურის სახელობის ათენის ქართულ თეატრში. ახალგაზრდა ხელოვანებთან თანამედროვე გამოწვევების შესახებ საინტერესო დისკუსია შედგა. გაირკვა, რომ ტრადიციული და დემოკრატიული ღირებულებების სინთეზი ერთგვარი პრობლემაა არა მარტო ქართველი, არამედ, სრულიად ევროპელი ახალგაზრდებისთვის. 

პროექტის პრეზენტაცია გაიმართა ათენში მცხოვრები ვებსტერისა და ევროპის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტებისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ ათენის საფეხბურთო აკადემიის “იბერიის” ახალგაზრდა  ფეხბურთელებიც. უცხოეთში დაბადებული ქართველები ინტერესით უსმენდნენ საკუთარ სამშობლოზე გადმოცემულ ინფორმაციას დემოგრაფიული მდგომარეობის და ქვეყანაში არსებული ღირებულებათა პრობლემების თაობაზე. 
თამარ ჩიბურდანიძემ მათ დეტალურად ესაუბრა ოჯახის ინსტიტუტის საუკუნოვან ტრადიციებზე, თაობათაშორის ურთიერთობებზე და მიგრაციის პრობლემებზე. ახალგაზრდებმა ღიად დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია პროექტში ჩართვაზე. 

საბერძნეთში, პროექტში მონაწილეობისთვის ჩავიდა საფრანგეთის დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნატა დარჩიაშვილი-ტაპია, რომლის ახალგაზრდებიც ასევე ამზადებენ ნომინაციებს წარსადგენად. 

პროექტში “მე, ოჯახი, სახელმწიფო” მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში თუ უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს. პროექტი ხორციელდება ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში და ქალაქ თბილისის მერიის თანადაფინანსებით. პროექტი მოიცავს 4 თემას და 4 საკონკურსო ნომინაციას და მიზნად ისახავს ქართველ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას ეროვნული და დემოკრატიული ღირებულებების ერთობლიობის თაობაზე. 

პროექტს ახორციელებს საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი.