თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
საქმე ეხება ბაჩო ახალაიას გაკეთებულ ერთ-ერთ განცხადებას სასამართლო სხდომაზე, სადა ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, მე პირადად ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება არის დასამხობი - ეს არის გასაკეთებელი და ეს გაკეთდება
"დიქტატურაში ვცხოვრობთ. არჩევნებით გამორიცხულია. ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს უნდა დავამხოთ, ეს არის ერთადერთი გზა. როდესაც დიქტატურა აწვება, საზოგადოების გზა არის დამხობა. არცერთი ტირანია მთელ ერს არ დაუმხია, მთელი ერი არც მონაწილეობს ხოლმე ამ პროცესში. რეჟიმს მხარდამჭერებიც ჰყავს ხოლმე. რა ძალა, რა ფორმაც არ უნდა გახდეს საჭირო, უნდა მივაღწიოთ რეჟიმის დამხობას და ამ სასამართლო დარბაზებში უნდა გავასამართლოთ. იმ სასამართლოთი უნდა გასამართლდნენ, რომელიც იარსებებს. თქვენ მოგიწევთ „ქოცების“, მოსამართლეების, პროკურორების გასამართლება. ადამიანებს ეშინიათ ციხის, შეურაცხყოფის, რომელსაც რეჟიმის მხრიდან მიიღებენ, ამიტომ არ საუბრობენ პოლიტიკური აქტორები დამხობაზე. ვიღაცები ამბობენ, არჩევნების გზით ხელისუფლებას შევცვლითო, თავს იტყუებენ და ივანიშვილს ატყუებენ. მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ივანიშვილი დავამხოთ. დარწმუნებული ვარ, გადასცემთ. არსებით განხილვაზე განაჩენსაც გამოიტანთ. ჩემი საუბრის მთავარი მოტივი არაა სასამართლოს დარწმუნება" – განაცხადა ახალაიამ სასამართლო პროცესზე, რომლის სინქრონს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელი ავრცელებს.
შეგახსენებთ, 2025 წლის 27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავა. ახალაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
9 მარტს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალ საქმეზე გამოძიება დაიწყო, საქმე ეხება ბაჩო ახალაიას განცხადებას სასამართლო პროცესზე. ახალაიამ 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მიმდინარე სხდომაზე განაცხადა – „ეს ხელისუფლება არის დასამხობი რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით“.




