ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სვანიძის ქუჩა N11-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი ეწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„ყველას გვახსოვს აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შედეგად რამხელა პრობლემის წინაშე დადგა. ეს კონკრეტული არეალი მთლიანად დატბორილი იყო. მუნიციპალიტეტმა დაპირებისამებრ, ამ ტერიტორიაზე მოსასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, პატარა მინი საფეხბურთო მოედანი, საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო ზონა გაკეთდება. ტერიტორია დიდი არ არის, თუმცა მაქსიმალურად ავითვისებთ. სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგეობა ახორციელებს და აგვისტოში მთლიანად დასრულებული იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
კომბინირებული სივრცე და სპორტული მოედანი 2 000 კვ. მეტრის ფართობზე განთავსდება. აღნიშნული ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე მუნიციპალიტეტის საწყობი იყო განთავსებული. პირველ ეტაპზე, მისი დემონტაჟი მოხდა. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი მოედანი, საპარკო საქანელა სკამები, მოეწყობა ფიტნეს ზონა. სპორტული მოედნის მიმდებარედ გულშემატკივართა ტრიბუნა განთავსდება. ასევე, დასასვენებელი სივრცე განათდება და გამწვანდება.
დასასვენებელი სივრცისა და სპორტული მოედნის პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 450 000 ლარია.
თბილისის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე ასათიანი.




