„დეილი ჯგუფი" ეხმიანება „რითეილ ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ ასოციაცია, საპარლამენტო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირებას იწყებს, რომლებზეც მუდმივად განხორციელდება განსაკუთრებული შეთავაზებები. დეილი ჯგუფი ამ ხედვას იზიარებს და მომხმარებლებს სთავაზობს ინიციატივას - "შენთვის შერჩეული".
„შენთვის შერჩეული“ - ინიციატივა
„რითეილ ასოციაციის“ მიერ გავრცელებული განცხადება და პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ფასების საკითხის გადაწყვეტა ეფექტურად შესაძლებელია არა ბაზრის მექანიზმებში უხეში ჩარევით, არამედ კონკურენციის გაძლიერებითა და კერძო სექტორის პასუხისმგებლიანი ჩართულობით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასოციაციის მიერ ინიცირებული „საოჯახო კალათის“ მიდგომა, რომელიც გულისხმობს სავაჭრო ქსელების მხრიდან შერჩეულ პროდუქტებზე სპეციალური, მუდმივი საფასო პოლიტიკის დანერგვას.
ამავე ხედვას ეხმიანება ჩვენი ჰოლდინგის ინიციატივა — „შენთვის შერჩეული“, რომელიც წარმოადგენს პრაქტიკულ ნაბიჯს მომხმარებლისთვის ხელშესახები შედეგის მისაღწევად მოკლევადიან პერიოდში.
საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური რეალობის გათვალისწინებით და მომხმარებელთა ყოველდღიური საჭიროებების უკეთ დასაკმაყოფილებლად, ჩვენი ჰოლდინგი იწყებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება პირველადი მოხმარების პროდუქციის კალათა — „შენთვის შერჩეული“, რომელიც გააერთიანებს ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს — ისეთებს, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ნაწილია თითოეული ოჯახისათვის. ეს პროდუქტები წინასწარ იქნება შერჩეული და წარმოდგენილი ჩვენი ჰოლდინგის თითოეული ბრენდის ქსელში ერთიანი კომუნიკაციით.
ჩვენი მიზანია:
• შევამციროთ მომხმარებლის ფინანსური წნეხი ყოველდღიურ პროდუქტებზე
• შევთავაზოთ სტაბილურად დაბალი ფასები შერჩეულ კატეგორიებზე
• გავაძლიეროთ პასუხისმგებლიანი ბიზნესის როლი ბაზარზე
პროექტის ფარგლებში:
• შერჩეულ პროდუქტებზე დაწესდება მინიმალური სავაჭრო მარჟა
• მომხმარებელს ექნება მარტივი იდენტიფიკაცია (სპეციალური ნიშნულები/პოსტერები)
• ფასები იქნება გამჭვირვალე და სტაბილური
ინიციატივა სრულად შეესაბამება იმ მიდგომას, რომელსაც რითეილ ასოციაცია უსვამს ხაზს — ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებული, კოლაბორაციული და პასუხისმგებლიანი მოქმედება. ამასთანავე, იგი ქმნის საფუძველს მიწოდების ჯაჭვის ყველა მონაწილესთან — მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან — თანამშრომლობის გაძლიერებისთვის, რაც კრიტიკულია საბოლოო შედეგის მისაღწევად.
„შენთვის შერჩეული“ წარმოადგენს ჩვენს კონკრეტულ წვლილს იმ საერთო პროცესში, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის ძირითადი პროდუქტების ხელმისაწვდომობის ზრდას და ბაზარზე ჯანსაღი, გრძელვადიანი პრაქტიკის დამკვიდრებას." - ნათქვამია კომპანიის გავრცელებულ განცხდებაში.




