ირლანდიის იუსტიციის მინისტრის, ჯიმ ო'კალაჰანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც დეპორტირების შესახებ ბრძანება არ შეასრულეს, წუხელ ჩარტერული რეისით საქართველოში 40-მდე ადამიანი დააბრუნეს, რომელთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან.
დუბლინის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით 39 დეპორტირებული ადამიანი გაფრინდა, რომლებიც დღეს დილით საქართველოს დედაქალაქში ჩაფრინდნენ.
ირლანდიის პოლიციის ეროვნული საიმიგრაციო ბიუროს ცნობით, ყველა ბავშვი თავისი ოჯახის უფროს წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
ეს არის უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ამ წლის დასაწყისში განახლებული ჩარტერული რეისები უკანონო მიგრანტთა დეპორირებისთვის გამოიყენეს.
მინისტრი ო'კალაჰანი ამბობს, რომ ვინაიდან საზღვრების დაცვა მისი უწყების ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა, ის კანონის აღსრულებაზე კონტროლს ამკაცრებს.
„იმ ადამიანების სწრაფი და სამართლიანი დაბრუნება, ვისი განაცხადებიც არ დაკმაყოფილდა, თანამედროვე წესებზე დაფუძნებული იმიგრაციული პროცესის საფუძველის წარმოადგენს“.
მისივე თქმით, თუ ადამიანებს ირლანდიაში ყოფნა სურთ, მათ ეს შესაბამისი სამართლებრივი გზებით უნდა გააკეთონ.
„გაძევების ოპერაცია წარმოადგენს მკაფიო შეტყობინებას, რომ ჩვენი კანონები დაცული უნდა იყოს და ხაზს უსვამს მთავრობის განზრახვას, დაიცვას ჩვენი იმიგრაციული სისტემის მთლიანობა“, - აღნიშნა მინისტრმა ო'კალაჰანმა.
მან ხაზგასმით თქვა, რომ ირლანდიის ეროვნული პოლიცია და იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალური პირები მუშაობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ თუ ამა თუ იმ პირს ქვეყნის დატოვება უბრძანეს, მან ეს ბრძანება აუცილებლად შეასრულოს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, განხორციელდება დამატებითი ჩარტერული რეისები იმისთვის, რომ „დეპორტირების სისტემამ უფრო სწრაფად და ეფექტურად იმუშაოს“.
„წუხელ დუბლინიდან კიდევ ერთი სადეპორტაციო რეისი გაფრინდა, რომელიც დღეს დილით უსაფრთხოდ დაეშვა საქართველოში. ბორტზე იმყოფებოდა 39 ადამიანი, რომლებსაც დეპორტირების ბრძანება მიღებული ჰქონდათ, მაგრამ ამ ბრძანებას არ დაემორჩილნენ“.- Jim O'Callaghan TD (@OCallaghanJim) May 1, 2025
მანვე დასძინა, რომ ქართული თემის ბევრი წევრი ირლანდიაში კანონიერად იმყოფება და მათ თავიანთი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში, აგრეთვე კულტურულ და სოციალურ წინსვლაში.
კომერციულ რეისებთან ერთად, უკანონო მიგრანტების დეპორტირებისთვის, ჩარტერული რეისებიც გამოიყენება. მთავრობის განმარტებით, ეს იმ შემთხვევებში ხდება, როდესაც ადამიანთა ჯგუფი ერთსა და იმავე დანიშნულების ადგილას იგზავნება.
იძულებითი გაძევება ხორციელდება როგორც უკანასკნელი ზომა, როდესაც შესაბამისმა პირმა სახელმწიფო არ დატოვა ან ნებაყოფლობითი დაბრუნების შემთხვევებისთვის გათვალისწინებული დახმარების ზომებით არ ისარგებლა.
„დეპორტირების შესახებ ბრძანების გამოცემამდე, პირს სთავაზობენ დახმარებას ნებაყოფლობით დაბრუნებისთვის და ეს უპირატესი, სასურველი ვარიანტია“, - ამბობს ო'კალაჰანი.
„იძულებით გაძევების გარდა, ჩემი დეპარტამენტი მნიშვნელოვნად ზრდის ნებაყოფლობით წამსვლელთა რაოდენობას და მე ვთხოვ მათ, ვისაც ამის შესაძლებლობა ეძლევა, ამით ისარგებლონ“, - დაამატა მან.
ირლანდიის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, გასულ წელს დეპორტირების შესახებ 2 403 ბრძანებას მოეწერა ხელი, რაც 180%-ით მეტია, 2023 წელთან შედარებით.
2024 წელს ირლანდია, სხვადასხვა, მათ შორის იძულებითი დეპორტირებისა და ნებაყოფლობითი დაბრუნები მექანიზმების გამოყენებით, 1 116 ადამიანმა დატოვა.
მიმდინარე წელს დეპორტირების შესახებ 1,386 ბრძანებას მოეწერა ხელი და სახელმწიფო 647-მა ადამიანმა დატოვა.
ნებაყოფლობითი დაბრუნება არის შესაძლებლობა იმ პირებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ირლანდიაში ყოფნის ლეგალური სტატუსი, მათ შორის მათთვის, ვისაც საერთაშორისო დაცვაზე უარი ეთქვა.
ასეთი ვარიანტის არჩევის შემთხვევაში, ამ პირის მიმართ დეპორტირების ბრძანება არ გაიცემა.
2023 წელს ნებაყოფლობითი დაბრუნების მსურველთა რიცხვმა 213 შეადგინა, 2024 წელს კი მათი რაოდენობა 934-მდე გაიზარდა.
ირლანდიის მთავრობის განცხადებით, ნებაყოფლობითი დაბრუნება ქვეყანაში უკანონოდ მყოფი ადამიანების გაყვანის უპირატეს მეთოდს წარმოადგენს.
ინფორმაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელეს.