„ევროპელი სოციალისტების“ განცხადება.

"პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტიკური გუნდი ქვეყანაში მიმდინარე ბოლო პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მიგვაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე პროტესტი და პოლიტიკური მოვლენები არის ხელოვნურად ინსპირირებული კოლექტიური დასავლეთისა და გლობალური ომის პარტიის მიერ.

 ჩვენთვის მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობთ გამოხატულ პირდაპირ შეტევას ქვეყნის სუვერენიტეტზე, მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების წინააღმდეგ.

 უდავოა, რომ ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს ინტერესში უნდა იყოს ფინანსური გამჭვირვალობა, რაც სახელმწიფოს მშენებლობის ფუნდამენტალურ საფუძველს წარმოადგენს.

 სამწუხაროდ, უკვე წლებია, რაც კოლექტიური დასავლეთი იყენებს ორმაგ სტანდარტებს თავისი ნაციონალური ინეტერსებიდან გამომდინარე, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში.

 კერძოდ, რაც დაშვებულია თავიანთ ქვეყნებში, ის რატომღაც დაუშვებელი და არადემოკრატიულია ჩვენთან როგორც პარტნიორ ან თუნდაც სტრატეგიულ მნიშვნელობის ქვეყნისთვის. ეს კი, პირდაპირ მიანიშნებს დასავლური შენიღბული დემოკრატიის პრინციპებს, რომლის მთავარი მიზანი ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების შეცვლაა ფერადი რევოლუციების გზით და მათთვის ადვილად მართვადი ხელისუფლების ჩანაცვლება.

თუ შენ ქვეყანას თვლი მეგობარ ქვეყნად, მაშინ არ უნდა აწყობდე, არ უნდა აფინანსებდე, არ უნდა ქმნიდე და არ უნდა ახალისებდე ჯგუფებს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ. რაც გამოიხატება - თავდასხმით სამართალდამცავებზე, ბლოკირებით სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების, შენობების და მათ შორის, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებით და თავდასხმით, ძალადობრივი შეტევებით, ნგრევით, დაზიანებით, ჭიშკრების შენგრევის მცდელობით, ფანჯრების მსხვრევით, ცეცხლის წაკიდებით, სამართლადამცავებზე მძიმე დაზიანებების მიყენებით.
თუ შენ მეგობობრად თვლი სახელმწიფოს, მაშინ პირველ რიგში, ლეგიტიმურად და დემოკრატიულად ხალხის უმრავლესობით არჩეულ ხელისუფებასთან უნდა გქონდეს მეგობრობისა და თანამშრომლობის სურვილი.

კატეგორიულად მოვითხოვთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობისა და ევროკავშირის პირველი პირებიდან ან მათი ელჩების მეშვეობით, პრინციპულად დაგმონ ყველანაირი უკანონო ქმედება აქციებზე მყოფი რადიკალური ჯგუფების მხრიდან.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობრებისა და ნამდვილი პარტნიორების მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებები რადიკალურად შეცვლის ქვეყანაში ხელოვნურად გამოწვეულ დაპირისპირებას და მათი განცხადებები პრაქტიკულად, იქნება გარანტია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მომავალი ბედი სამართლიანი და დემოკრატიული ფორმით სწორედ საარჩევნო ყუთთან გადაწყვიტონ." - ნათქვამია "ევროპელი სოციალისტების" განცხადებაში.