სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ პოდკასტში „კონტრასტი“ ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში დაგეგმილ  ინოვაციურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში დაწესებულებაში მაღალი სტანდარტის კინოთეატრი გაიხსნება, რომელიც კინოჩვენებებთან ერთად სხვადასხვა კულტურული ღონისძიებისა და აქტივობისთვისაც იქნება განკუთვნილი.

გიორგი პატარიძის განცხადებით, ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში  კინოთეატრის გარდა სპორტული მოედნების მშენებლობაც მიმდინარეობს.

„2027 წლის პირველ კვარტალში საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელდება პროექტი, რომელიც არის მართლაც უპრეცედენტო ევრაზიის კონტინენტზე, ყოველ შემთხვევაში, ჩვენმა კვლევებმა ასე აჩვენა. ეს პროექტი არის ახალი, მაღალი სტანდარტის   კინოთეატრის  მოწყობა ლაითურის პენიტენციურ დაწესებულებაში.  წარმოიდგინეთ, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე და კინოჩვენებებზე. იგი იქნება არა მხოლოდ კინოჩვენებისთვის, არამედ სხვადასხვა კულტურული ღონიძიებისა და აქტივობისთვის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით.  ახლა, როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, იქ მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები სპორტული მოედნების მოწყობის მხრივ. რეალურად, ყოველივე ეს კარგად მეტყველებს კონტრასტზე - თუ რაზე ვფიქრობთ და ვზრუნავთ დღეს ჩვენ და რა პროცესები მიმდინარეობდა 2012 წლამდე“, – განაცხადა გიორგი პატარიძემ და აღნიშნა, რომ  დაწესებულება ევროპული სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი და სხვადასხვა რისკის მსჯავრდებულთა განთავსებას ითვალისწინებს.

„ლაითურის №1 პენიტენციური დაწესებულება ევროპული სტანდარტების შესაბამისი ერთ-ერთი უნიკალური დაწესებულებაა და მე შემიძლია, ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვთქვა, რომ ამ სტანდარტზე მეტიც არის. ამ დაწესებულებას შეუძლია, მიიღოს სხვადასხვა რისკის მსჯავრდებულები როგორც დაბალი რისკის, ისე საშუალო, მომეტებული და მაღალი რისკის მსჯავრდებულები. ასევე, ჩვენ 2027 წლის პირველ კვარტალში შესაძლებლობა გვექნება, ლაითურში გადავიყვანოთ უკვე დაბალი რისკის მსჯავრდებულებიც და გავცეთ შესაბამისი სერვისებიც“, – განაცხადა გიორგი პატარიძემ.