„სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპის“ შესაბამისად, არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით.

კერძოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში - მედიცინის სპეციალობებზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში - პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში -  აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობებზე.

სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე.

ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას.

ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.

ამ ეტაპზე, მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში აგრარული მიმართულება დროებით რჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამისად, მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით. თუმცა, უახლოეს დღეებში დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც, რამდენიმე თვეში, აგრარული მიმართულება გადაინაცვლებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში.

შესაბამისად, 2026-2027 სასწავლო წელს ახლად მიღებული სტუდენტები აგრარულ ფაკულტეტზე სწავლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყებენ“, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა კვოტებთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კვოტების რაოდენობა შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნა და სტუდენტთა დამატებით მიღება მხოლოდ გამონაკლისის სახით მოხდება.

„დღეს დამტკიცდა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა მიღების კვოტები, რომელიც, პირველად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნა.

შრომის ბაზრის ანალიზმა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ჩვენს სამინისტროსთან და კერძო სექტორთან კონსულტაციების საფუძველზე ჩაატარა, მრავალი პრობლემა და გამოწვევა გამოავლინა.

შრომის ბაზრის კვლევის შედეგები იმაზე შემაშფოთებელია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლებოდა გვეფიქრა. ზოგადი დასკვნის სახით, უნდა ითქვას, რომ გასული წლების განმავლობაში, სტუდენტების მიღება თვისებრივად იყო აცდენილი შრომის ბაზრის მოთხოვნებს. შესაბამისად, ჩარიცხული სტუდენტების უმრავლესობა იმთავითვე იმისთვის იყო განწირული, რომ ისინი უნივერსიტეტებში დაუფლებული სპეციალობით და დიპლომით ვერასოდეს ისარგებლებდნენ.

მაგალითად, გასული 5 წლის განმავლობაში, სხვადასხვა უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტებზე საშუალოდ 3 598 სტუდენტი აბარებდა, ხოლო სწავლას საშუალოდ 2 047 სტუდენტი ამთავრებდა, იურისტებზე საშუალო წლიური მოთხოვნა კი 700-ზე ნაკლებია. შესაბამისად, არასწორი პრაქტიკა იურიდიულ ფაკულტეტებზე ჩარიცხულ 3 600-დან 2 900 სტუდენტს იმისთვის სწირავდა, რომ ისინი მომავალში იურისტად ვერასოდეს დასაქმდებოდნენ. ბუნებრივია, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, სტუდენტი ასეთი პერსპექტივისგან თავიდანვე დაიცვას და სპეციალობებზე კვოტები შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად გაანაწილოს.

ანალოგიური ვითარებაა ასევე, მაგალითად, ეკონომიკისა და სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების შემთხვევაში. კერძოდ:  ეკონომიკის შემთხვევაში, ჩარიცხვის საშუალო მაჩვენებელი 1 053 სტუდენტია, სწავლას საშუალოდ 662 სტუდენტი ამთავრებს, ხოლო შრომის ბაზრის მოთხოვნა 150-ს შეადგენს;

სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით, ჩარიცხვის საშუალო წლიური მაჩვენებელი 4 916 სტუდენტია, აქედან სწავლას 2 591 სტუდენტი ამთავრებს, ხოლო შრომის ბაზრის მოთხოვნა დაახლოებით 400 კურსდამთავრებულზეა.

ამის საპირისპიროდ, მკვეთრი დეფიციტი აღინიშნება საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით, სადაც გასული 5 წლის განმავლობაში, უნივერსიტეტებში წელიწადში საშუალოდ 2 225 სტუდენტი ჩაირიცხა, ხოლო სწავლა 1  200-მა დაასრულა, როდესაც შრომის ბაზრის მოთხოვნა 1 800 კურსდამთავრებულზეა.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მოთხოვნა საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით წლიდან წლამდე გაიზრდება.

ასევე, გასათვალისწინებელია საქართველოში შრომის ბაზრის მუდმივად მზარდი მოთხოვნა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებზე, რასაც კვოტების განსაზღვრისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს.

შრომის ბაზრის მოთხოვნებს ვერ პასუხობს სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელი საექთნო და სამეანო საქმის სპეციალობაზე.

მთლიანობაში, კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ, სტუდენტების ჩარიცხვის პრაქტიკა მნიშვნელოვნად არის აცდენილი შრომის ბაზრის მოთხოვნებს, რაც იწვევს სერიოზულ სტრუქტურულ პრობლემებს შრომის ბაზარზე ადამიანური კაპიტალის მობილიზებისა და გამოყენების თვალსაზრისით.

შრომის ბაზრის კვლევამ მოგვცა იმის ზუსტად დადგენის შესაძლებლობა, თუ რამდენი სტუდენტის ჩარიცხვაა მიზანშეწონილი უნივერსიტეტებში კონკრეტული სპეციალობების მიხედვით. შესაბამისად, წელს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტების ჩარიცხვა, არსებითად, სწორედ შრომის ბაზრის მოთხოვნებს დაეფუძნება.

იმისათვის, რომ მკვეთრად არ შემცირდეს სტუდენტების მიღება სხვადასხვა სპეციალობაზე, კონკრეტულ შემთხვევებში, მაგალითად სამართალზე, წელს უნივერსიტეტებში ჩასარიცხი კონტინგენტი შუალედური რაოდენობით განისაზღვრება.

რაც შეეხება კონცეფციის მთავარ მიდგომას ,,ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის" პრინციპს, ის უზრუნველყოფს რესურსების მიზნობრივ მობილიზებას და საგანმანათლებლო პროგრამების გადუალებას.

ამასთან, ჩვენი მიდგომაა, რომ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტს უნარჩუნდება თავისი უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამა. ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც ამ ეტაპზე იქნა დაშვებული, არის საერთაშორისო აკრედიტაციის და ერთობლივი ან ორმაგი ხარისხის პროგრამების სრულად შენარჩუნება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გამომდინარე იქიდან, რომ ინტერნაციონალიზაცია უმაღლესი განათლების პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით სახელმწიფო ყოველწლიურად მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს.

გასულ წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში 19 311 სტუდენტი ჩაირიცხა. წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2 000 სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება. ამას დაემატება, პროფესიულ პროგრამებზე მისაღები დაახლოებით 10 000 სტუდენტი, რომლებიც განათლებას ასევე სრულიად უფასოდ მიიღებენ.

დადგენილ კვოტებზე დამატებით სტუდენტთა მიღება გამონაკლისის სახით შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ბოლო ადგილზე მოხვდა თანაბარი ქულების მქონე 2 ან მეტი სტუდენტი ან, თუ საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე განაცხადებენ სწავლის სურვილს სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის პროგრამაზე.

აღნიშნული ცვლილებების შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუბრუნდება დედა უნივერსიტეტის სტატუსი. როგორც მოგეხსენებათ, 1990-იან წლებამდე, ვიდრე საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემას სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში მოქმედი ერთადერთი უნივერსიტეტი იყო. ყველა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ინსტიტუტის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.

უმაღლესი განათლების რეფორმის შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მართალია, არ იქნება ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში, მაგრამ მას, როგორც წამყვან და დედაქალაქში მოქმედ ერთადერთ მრავალპროფილურ უნივერსიტეტს, დაუბრუნდება პირვანდელი მისია, რომელიც მან 1990-იან წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად, ნაწილობრივ დაკარგა, ხოლო 2004-2012 წლებში, იმ დროინდელი ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, წაართვეს.

უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის მთავარი მიზანია, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს თანამედროვე სტანდარტების უმაღლესი განათლება, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, უზრუნველყოფილი არ არის. უნივერსიტეტებში მისაღები კვოტების სწორი პრინციპების შესაბამისად განსაზღვრა, ამ შედეგის მისაღწევად კარგ და აუცილებელ ნიადაგს შექმნის”, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.