გოჩა ლორთქიფანიძეს, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან ერთად, სახაროვის პრემია მიენიჭა
სახაროვის 2026 წლის პრემია აზრის თავისუფლებისთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა (ICC) და მის ოფიციალურ პირებს მიენიჭა.

ჯილდო ხაზს უსვამს ICC-ის საქმიანობას, მათ შორის გამოძიებებს, სისხლისსამართლებრივ დევნას და სასამართლო პროცესებს. სახაროვის პრემია 11 მოსამართლეს, მათ შორის გოჩა ლორთქიფანიძეს, ასევე მთლიანად ინსტიტუციას მიენიჭა.

“ყველა მათგანს აქვს მდიდარი კარიერა ეროვნული და საერთაშორისო პროკურატურის, მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სფეროებში, მათ შორის გენოციდის, ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების საქმეებზე, მსხვერპლთა უფლებებსა და ანგარიშვალდებულებაზე მუშაობის გამოცდილება” - ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ სასამართლო საკვანძო აქტორია დაუსჯელობის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში. ICC, რომელსაც მართავს საერთაშორისო ხელშეკრულება, „რომის სტატუტი“, მსოფლიოში პირველი მუდმივმოქმედი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს და, საჭიროების შემთხვევაში, ასამართლებს პირებს, რომლებსაც ბრალი ედებათ ყველაზე მძიმე დანაშაულებში: გენოციდი, ომის დანაშაულები, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და აგრესიის დანაშაული.

სახაროვის სახელობის პრემია “აზრის თავისუფლებისთვის” 1988 წელს დაარსდა. მას ყოველწლიურად ანიჭებს ევროპარლამენტი ფიზიკურ პირებსა თუ ორგანიზაციებს შემდეგი საქმიანობისთვის: ადამიანისა და ძირითადი უფლებების დაცვა, უმცირესობათა უფლებების დაცვა, საერთაშორისო სამართლის პატივისცემა, დემოკრატიის განვითარება და კანონის უზენაესობის დაცვა.

2026 წლის ლაურეატები ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ გამოაცხადა.
აზრის თავისუფლებისთვის სახაროვის სახელობის 2026 წლის პრიზის დაჯილდოების ცერემონია დეკემბერში, სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გაიმართება.