ჩვენი ხელწერა არის ძალიან ცხადი - ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ყველგან და ყველას მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, როგორია ადამიანის წარსული, როგორია პატიმრის წარსული, რა დანაშაულები აქვს მას ჩადენილი, ადამიანის უფლებები უნდა იყოს ყველგან განუხრელად დაცული.
„რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბატონი დავითაძის მიმართაც. თუმცა, ასეთ დროს, ჩვენ ვიხილეთ სპეკულაციური განცხადებები, ცრუ ბრალდებები, რაც ძალიან სამწუხაროა. ყველაფერს მოეფინა ნათელი ძალიან მარტივად, ჩატარდა გამოძიება, გავრცელდა კადრები და ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა და როგორია სასჯელაღსრულების სისტემის ხელწერა ამ ხელისუფლების პირობებში. თქვენ იცით, რა მდგომარეობა იყო სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლამდე და ამის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა ვითარება. ამას ადასტურებს ძალიან ბევრი რამ, მათ შორის სტატისტიკა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც შემცირებულია დაახლოებით 6-ჯერ სასჯელაღსრულების სისტემაში. ეს არის ზუსტად იმის შედეგი, რომ დღეს მოქმედებს ჰუმანური სისტემა, ჰუმანურობის პრინციპი მოქმედებს სასჯელასღსრულების სისტემაში და ჩვენ ვაპირებთ ამ ხელწერით მუშაობის გაგრძელებას“, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.
პროკურატურის ცნობით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.