ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა, რომ მთავრობამ წინასწარ იცოდა, რომ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ისრაელში მსხვერპლი იქნებოდა, თუმცა სხვა არჩევანი არ ჰქონდათ.
„როდესაც ეს ისტორიული, რთული გადაწყვეტილება მივიღეთ, ვიცოდით, რომ რთული პერიოდი გველოდა და მსხვერპლი გვეყოლებოდა, მაგრამ სხვა არჩევანი არ გვქონდა”,- განაცხადა საარმა „სიენენთან“ ინტერვიუში.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ირანის ბირთვული პროგრამის შეფასების მიხედვით, მას ატომური ბომბის დამზადება „ექვს თვეში“ შეეძლო.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ისრაელის მიზნებს შორის ირანის რეჟიმის დამხობა, რომელსაც სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ხელმძღვანელობს, საარმა განაცხადა, რომ ისრაელის მიზანი რეჟიმის შეცვლა არ არის.
„მიზანი არ არის რეჟიმის შეცვლა. ეს ირანელი ხალხის გადასაწყვეტია, ჩვენ, ისრაელი, ირანელ ხალხს ჩვენს მტრად არ ვთვლით“,- განაცხადა საარმა.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს მათი სამხედრო დახმარებისთვის, მაგრამ აღნიშნა, რომ აშშ-ის, როგორც „სუვერენული სახელმწიფოს“ გადასაწყვეტია, პირდაპირ დაეხმარებიან თუ არა ისრაელს ირანის სამხედრო ობიექტების განადგურებაში.
„მათ აქვთ თავიანთი გათვლები და ისინი გადაწყვეტენ”,- განაცხადა საარმა.
თარგმანი საზოგადოებრივი მაუწყებელი