კიდევ ერთი პროექტი, რაზეც ვმუშაობთ, გახლავთ მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი გეგმები, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების მინისტრმა კახა გულედანმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მოკლევადიანი გეგმები, რომლითაც დღეს მუნიციპალიტეტები ხელმძღვანელობენ, ნაკლებად გასაგებია მოქალაქეებისთვის და ასევე, ნაკლებია ნდობა ინვესტორებისა და დონორების მხრიდან. 

„დღეს, მუნიციპალიტეტები მუშაობენ 1-წლიანი, მოკლევადიანი გეგმებით, რომლებიც მიბმულია ბიუჯეტის ერთწლიან ციკლზე და რეაგირებენ გადაუდებელ, დღევანდელ საჭიროებებზე. აგებულია პრინციპზე - რაც გვაქვს იმას ვხარჯავთ. ნდობა ნაკლებია ინვესტორებისა და დონორების მხრიდან, მოქალაქეებისთვის შედარებით ნაკლებად გასაგებია, რადგან მათ უფრო გრძელვადიანი გეგმები აინტერესებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მუნიციპალიტეტები უნდა გადაეწყონ გრძელვადიან გეგმებზე, გრძელვადიანი გეგმების უპირატესობაა ის, რომ უფრო ნათლად არის წარმოჩენილი მუნიციპალიტეტის მისაღწევი შედეგები, პროექტები მიდის ლოგიკურ ჯაჭვად, ნაკლებია სპონტანურობა, დატოვება-მიტოვების და მსგავსი რისკები. პრიორიტეტები არის მკაფიოდ განჭვრეტადი. სტაბილურობა მეტია. ამცირებს მიდგომას, რომ ახალმა მერმა ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს, ასევე მეტია ინსტიტუციური მახსოვრობა, მეტია საიმედოობა დონორებისა და საიმედო ორგანიზაციებისთვის. მოქალაქეებისთვის უფრო კომფორტულია, რადგან პასუხობს კითხვას - როგორ ვითარდება და როგორი იქნება ჩვენი მუნიციპალიტეტი გრძელვადიან პერიოდში. საბოლოოდ, ზრდის პასუხისმგებლობას როგორც ცენტრისა და ცენტრალური ხელისუფლებისთვის, ისე მუნიციპალიტეტისა და მოქალაქეებისთვის. 


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ, ბოლო პერიოდში, ვემუშავებით მუნიციპალიტეტებს ამ კუთხით. ეს პროცესი დავიწყეთ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით. შევხვდით მუნიციპალიტეტის მერებს და მათ გამოთქვეს მზაობა ითანამშრომლონ, მოამზადონ შესაბამისი პროექტები. დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტების მიერ უკვე მომზადებულია გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტები და სამოქმედო გეგმები, რომლებიც ასახავს თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. იდენტიფიცირებულია საჭიროებები განვითარებისათვის. რასაკვირველია, ყველა საჭიროებას ადგილობრივი თვითმმართველობა თავისი რესურსით ვერ მოერევა, ამისთვის საჭიროა, დარგობრივმა სამინისტროებმა, დარგობრივმა უწყებებმა განიხილონ ეს საჭიროებები და სამომავლო გეგმების სინქრონიზება მოხდეს მუნიციპალიტეტის გრძელვადიან გეგმებთან მიმართებაში,“- განაცხადა კახა გულედანმა.