„ღვინის მწარმოებლებმა კარგად იციან ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ვაზის ნერგების ხარისხი, გაშენების ექსპოზიცია, ნიადაგის შემადგენლობა, ვაზის ჯიშებს. კომერციული ვენახების გაშენების დროს, ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტს, რაც საშუალებას იძლევა, მივიღოთ ხარისხიანი ყურძნის მოსავალი და შესაბამისად, ხარისხიანი ღვინო. თუ ამ ყველაფერს მეწარმე გაითვალისწინებს, მას არ შეექმნება გაშენების თანხმობის მიღებაში დაბრკოლება. მსოფლიო გლობალურ ბაზარზე ღვინის მოხმარების კლების და ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის ფონზე, ეს არის ერთადერთი გზა, რომ მოხდეს უმაღლესი ხარისხის პროდუქტის წარმოება“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.
საქართველოს პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. ცვლილებებით თანახმად, კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ვენახის გაშენებაზე თანხმობის ცნება, რაც განიმარტება შემდეგნაირად: საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს აძლევს უფლებას გააშენოს სამეწარმეო ვენახი. ცვლილებების მიზანია ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, ასევე, რეალიზაციისათვის აუცილებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინების ხელშეწყობა.
ლევან მეხუზლას განცხადებით, ვენახების გაშენებაზე თანხმობის გაცემის პრაქტიკა დანერგილია და მოქმედებს ევროკავშირის ყველა ღვინის მწარმოებელ ქვეყანაში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა.
ვენახების გაშენების ნებართვის აღება მოუწევს იმ მხოლოდ პირებს, რომლებიც გეგმავენ კომერციულ საქმიანობას და არ ეხება მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს.




