გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ქალაქ სონგდოში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მმართველი საბჭოს 46-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

სხდომაზე განიხილეს ფონდის რესურსების ეფექტიანი მართვისა და დაფინანსების პროცესის გაუმჯობესების საკითხები, მათ შორის გადაწყვეტილების მიღების პროცედურების გამარტივება, რაც განვითარებადი ქვეყნებისთვის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პროექტების დროულ დაფინანსებას შეუწყობს ხელს.

მნიშვნელოვანია, რომ სხდომის ფარგლებში, განვითარებადი ქვეყნებისთვის 20-ზე მეტი დაფინანსების პროექტი დამტკიცდა, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში. პროექტები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გამოწვევების დაძლევას, შესაბამისი სტანდარტების დანერგვასა და ეკოსისტემების აღდგენას შეუწყობს ხელს. ასევე დამტკიცდა რამდენიმე ორგანიზაციის აკრედიტაცია, რაც მათ შესაბამის ქვეყნებში ფონდის რესურსების განკარგვის უფლებამოსილებას ანიჭებს.

მმართველი საბჭოს სხდომაზე, ასევე ფონდის საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მეორე ვადით აირჩიეს.

ვიზიტის ფარგლებში ნინო თანდილაშვილის თავმჯდომარეობით კლიმატის მწვანე ფონდის ეთიკისა და აუდიტის კომიტეტის სხდომაც გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ნინო თანდილაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს წევრად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ჯგუფიდან 2025 წლის იანვრიდან მეორე ვადით არის არჩეული.