4 ოქტომბრის საქმეში ერთ-ერთი მსჯავრდებული პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგებაზე უარს აცხადებს.
ჩემო მეგობრებო, მე ნორმალურად ვარ. იმედი მაქვს, რომ თქვენც კარგად ხართ. აქ საინტერესო არაფერი ხდება, თუმცა, რომ ვაკვირდები, გრედან შემოსული ხალხი უფრო დათრგუნულია ვიდრე მე აქ.
ყველაფერი კარგად იქნება! ბოროტებასაც თავის ლიმიტები აქვს, მთავარია გული არ გავიტეხოთ, გვჯეროდეს სიკეთის გამარჯვების, რომელიც თავისთავად კი არ ხდება, არამედ სიმტკიცით და გამძლეობით.
ანამ მკითხა, რას ფიქრობ საპროცესოზეო? მე ყველასი მესმის, ყველას მისი გადასახედი აქვს, აქ ყოფნა მარტივი ნამდვილად არ არის, ამიტომ არავის განსჯას არ ვაპირებ, თუმცა, პირადად მე ვთვლი, რომ ქართული ეროვნული მოძრაობის ტრადიციების გაგრძელებისთვის, უიარაღო სიმართლის ერთგულებისთვის მე უფლება არ მაქვს ასე მოვიქცე, მიყვარს თავისუფლება, მომენატრა ჩემი ტასიკო მაგრამ მე ვერ მოვინანიებ სამშობლოს სიყვარულს და ვერც იმას, რაც პროკურატურამ დამაბრალა, რომ თითქოს 4 ოქტომბერი ერთი წლით ადრე გაკეთებული განცხადებებით დავაორგანიზე.
ცხოვრებაში უსამართლობა კი არ არის მთავარი დილემა, არამედ ის, თუ როგორ ვრეაგირებთ მასზე.
მართლა მომენატრეთ. მჯერა გავუძლებთ, ღმერთით მოვიგებთ ყველა! - ნათქვამია პაატა მანჯგალაძის წერილში. რომელიც 23.09.2026 წლით არის დათარიღებული.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქოს სასამართლომ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე ბრალდებულები პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია დამნაშავედ ცნო.
სასამართლომ მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს სასჯელის სახედ და ზომად 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.