დღეს იყო კარგი ინიციატივები და ეს უნდა გავაღრმაოთ, უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები, თუ როგორ არის შესაძლებელი მოკლევადიან პერსპექტივაში ძირითად კალათზე ფასების შემცირება, საშუალოვადიანი ამოცანაა, რომ უნდა მოხდეს მიწოდების ჯაჭვის დამოკლება ბიზნესთან კონსულტაციების საფუძველზე, ხოლო გრძელვადიან პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, ეს არის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისივე თქმით, გამჭვირვალობა, მათ შორის, კონკურენციის სააგენტოს მისცემს იმის საშუალებას, რომ საჭიროების შემთხვევაში იდენტიფიცირება მოახდინოს წესებიდან გადახვევების, არასწორი თამაშის წესების და ა.შ.
„სამწუხაროა, რომ დღევანდელ დებატებში ყოველთვის ფასებზე არ გვიწევდა საუბარი, გადახვევები გვქონდა, ვერ მოვისმინეთ კონკრეტულ შემთხვევაში ფასებთან დაკავშირებით შეთავაზებები. შევაჯამოთ, რას ვფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ეფუძნება მთავრობის მუშაობის შედეგებს, საპარლამენტო კომისიის მუშაობის შედეგებს. არის ორი მიმართულება, ერთი მოკლევადიანი, ერთი - გრძელვადიანი.
მოკლევადიანს რაც შეეხება, დღეს იყო კარგი ინიციატივები და ეს უნდა გავაღრმაოთ, უნდა გავაგრძელოთ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები უახლოეს დღეებში, როგორ არის შესაძლებელი მოკლევადიან პერსპექტივაში ძირითად კალათზე ფასების შემცირება, ვფიქრობთ, ამაზე შეიძლება ხელშესახები შედეგის მიღწევა, ეს არის მოკლევადიანი ამოცანა.
რაც შეეხება გრძელვადიან პროცესს, გამჭვირვალობა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია. ეს გამჭვირვალობა, მათ შორის, კონკურენციის სააგენტოს მისცემს იმის საშუალებას, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს იდენტიფიცირება წესებიდან გადახვევების, არასწორი თამაშის წესების და ა.შ. და ასევე რაც არის მნიშვნელოვანი საშუალოვადიანი ამოცანა - უნდა მოხდეს მიწოდების ჯაჭვის დამოკლება, რაც შესაძლებელია ბიზნესთან კონსულტაციების საფუძველზე. თუ სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება ამ სექტორში, ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი ფასების შემცირება. ანუ, გვაქვს საშუალოვადიანი ამოცანები და გვაქვს მოკლევადიანი ამოცანა, რაზეც აქტიურად ვიმუშავებთ. მოკლევადიან ამოცანაზე უახლოეს დღეებში უნდა ჩამოვყალიბდეთ, რაც შეეხება საშუალოვადიან ამოცანებს, აქაც კონკრეტული გზა პრინციპში უკვე დასახულია და ამაზე აქტიურად იმუშავებს მთავრობა პარლამენტთან ერთად,“- განაცხადა პრემიერმა.




