მსოფლიოში არსებული არაპროგნოზირებადი მდგომარეობის გათვალისწინებით, როდესაც თითოეული აქტორი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი სტრატეგიული ინტერესებით ხელმძღვანელობს, მნიშვნელოვანია ბოლომდე დავიცვათ და მოვუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენების წარდგენისას განაცხადა.
„ჩვენი პრაგმატული და მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის არსი მშვიდობისა და დამოუკიდებლობის დაცვაა. საქართველო სამშვიდობო პოლიტიკას ატარებს და ეს საქმით დავამტკიცეთ, რასაც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვისაც ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს.
არსებული საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით, ეფექტიანად მოქმედების შემთხვევაში, შეგვიძლია, რომ საქართველო საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის საკვანძო ქვეყნად ვაქციოთ. ხელი შევუწყოთ აზიის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკურ ინტეგრაციას, განვიმტკიცოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ჰაბის სტატუსი და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან კავშირი კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ.
ამ თვალსაზრისით, 2025 წელს მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. აქვე აღვნიშნავ ჩემს ვიზიტებს სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში, რომლებიც მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას და რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას ისახავდა მიზნად.
ცალკე აღვნიშნავ სერბეთში ჩემ მეგობრულ და საქმიან ვიზიტს. ასევე, რამდენიმე დღის წინ ჩვენ გვსტუმრობდა ხორვატიის პრეზიდენტი, რომელთანაც ასევე მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა სამომავლო ურთიერთობებისთვის ახალ პერსპექტივებს ქმნის.
ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა ამერიკის შეერთებულ შტატებში - გაეროში ვიზიტი. ეს პლატფორმაც გამოვიყენეთ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა ჩვენი მთავარი სათქმელი - საქართველო სრულ მზადყოფნას გამოთქვამს სუვერენიტეტის პატივისცემაზე, ორმხრივ ინტერესებსა და სარგებლიანობაზე დაფუძნებული მჭიდრო ურთიერთობისთვის“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირსა და აშშ-სთან.
„საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
ახალი არავისთვისაა, რომ განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროპული ბიუროკრატია უხეშად ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ხელმძღვანელობს ორმაგი სტანდარტებით. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ უჭირთ შეგუება, რომ საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. ისინი ჩვენს ქვეყანას თავიანთი გეოპოლიტიკური პროექტის ნაწილად აღიქვამენ, რომლის ფარგლებშიც საქართველომ მათ მიერ დასახული კონკრეტული მიზნები უნდა შეასრულოს. მოუწევთ მათ შეგუება, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული სახელმწიფო.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატებს, ჩვენი მხრიდან დაფიქსირებულია სრული მზადყოფნა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყების შესახებ, რაც გამოიხატა „პარტნიორობის გზამკვლევის“ შეთავაზებაში, რომელშიც დეტალურად იქნებოდა გაწერილი ორივე ქვეყნის ინტერესები. ისიც ფაქტია, რომ ჩვენს ხედვებს შორის მრავალი მიმართულებით არსებობს თანხვედრა, შესაბამისად, ყურადღებით დავაკვირდებით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მით უფრო მსოფლიოში დღეს არსებული რთული და არაპროგნოზირებადი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.




