საქართველოს პროკურატურა პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანიას აქტიურად აგრძელებს. მორიგი შეხვედრები ბათუმის N15, N16, ასევე ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლებში და ოზურგეთის კოლეჯ „ჰორიზონტში“ გაიმართა.

საინფორმაციო შეხვედრებზე პროკურორებმა დეტალურად განიხილეს პირადი ცხოვრების ხელყოფის სამართლებრივი ასპექტები. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირადი საიდუმლოების დაცვის მნიშვნელობას, შესაბამის პასუხისმგებლობას და კანონით გათვალისწინებულ სასჯელებს.

შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეები, ასევე გაეცნენ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის საქმიანობას. აღინიშნა, რომ კოორდინატორის პრიორიტეტია დაზარალებულთა და მოწმეთა ინტერესების დაცვა, მათი ემოციური მხარდაჭერა და ხელახალი (მეორეული) ვიქტიმიზაციის პრევენცია.

მსგავსი ღონისძიებების მთავარი მიზანი მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენციაა.

საქართველოს პროკურატურა სხვადასხვა აქტუალურ თემაზე საინფორმაციო კამპანიას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.