ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ქვეყანაში არქიტექტურული სფეროს გამოცოცხლებასა და მუნიციპალიტეტების ვიზუალური იერსახის ტრანსფორმაციაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო პროექტების შერჩევისას აქცენტი აღარ კეთდება მხოლოდ ფუნქციურ მხარეზე და წინა პლანზე ესთეტიკური ღირებულება გამოდის.

მინისტრმა აღნიშნა, რომ კონკურსები ახალი შესაძლებლობებია ქართველი არქიტექტორებისთვის, რამაც დარგს ახალი სიცოცხლე შესძინა.

„სახელმწიფომ თავისი მიდგომით საქართველოში არქიტექტურული სფერო გააცოცხლა. ჩვენ გვყავს უამრავი ნიჭიერი სპეციალისტი, რომელთაც ახლა ეძლევათ რეალური შესაძლებლობა, საკუთარი ხედვები მასშტაბურ სახელმწიფო პროექტებში განახორციელონ“ -განაცხადა მან.

რევაზ სოხაძის თქმით, რეგიონების თანაბარი განვითარება გულისხმობს არა მხოლოდ წყალმომარაგების, სპორტული დარბაზებისა თუ მოედნების მშენებლობას, არამედ მათ არქიტექტურულ სრულყოფილებასაც. ასეთი კონკურსების ერთ-ერთი მიზანია ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნას თანამედროვე ცენტრები,  შენობები ინდივიდუალური იერსახით,  რაც ადგილობრივ გარემოს ესთეტიკურად გაამდიდრებს.

მინისტრმა, ასევე აღნიშნა ეკონომიკის სამინისტროსთან კოორდინაციით მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც სამშენებლო მასალებისა და ფერების რეკომენდირებულ სტანდარტებს ეხება.

„ეტაპობრივად, ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებით, გადავდივართ თანამედროვე სტანდარტებზე. ეს ეხება როგორც მასალების ხარისხს, ისე ფერების გამას, რათა მივიღოთ ერთიანი, მოწესრიგებული და თანამედროვე ურბანული გარემო“ - დასძინა მინისტრმა.