„წყალმომარაგების სექტორში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით, გრძელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. 2021 წლიდან დღემდე დასრულებულია 150-ზე მეტი პროექტი, რომელთა საერთო ღირებულება მილიარდ ლარს აღემატება,“ – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას.

მინისტრმა წყალმომარაგების კომპანიაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეინიშნება რიგი პრობლემები. მათ შორის – სამუშაოების შესრულების ვადების გადაცილება, ხარვეზები საპროექტო დოკუმენტაციაში, სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე პოტენციური მომწოდებლების სიმცირე, საზედამხედველო კომპანიების დეფიციტი და კადრების ნაკლებობა. მისივე თქმით, სერიოზულ გამოწვევად რჩება სისტემაში არსებული დანაკარგები და გადასახადების ამოღების დაბალი მაჩვენებელი.

„ამ ყველაფრის ფონზე, სამინისტროს გუნდს ურთულესი ამოცანა ჰქონდა – გაეაჯანსაღებინა სისტემის მუშაობა, შეეცვალა მართვის მიდგომები, დაენერგა ახალი მენეჯმენტის მექანიზმები და ხარისხის კონტროლის სტანდარტები. ეს ცვლილებები აუცილებლად აისახება შედეგებზე,“ – აღნიშნა მინისტრმა.

რევაზ სოხაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სახელმწიფო ბიუჯეტისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, ქვეყნის 110-ზე მეტ ლოკაციაზე მიმდინარეობს 2,5 მილიარდი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა დასრულება 2029 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

პროექტების დასრულების შემდეგ, 300 ათასზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგების სერვისით.