საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ლესლი ბეარმან ლამს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში ADB-ის მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობას. მხარეებმა შეაჯამეს პროექტის ფარგლებში მიღწეული პროგრესი, განიხილეს მიმდინარე სამუშაოები და პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული გამოწვევები.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ბათუმი-სარფის ახალი გზის, ქობულეთის შემოვლითი გზის, თბილისის შემოვლითი გზის მე-4 და მე-5 ლოტებისა და ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის პროექტებზე.
მინისტრმა ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკთან წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთო მიზნების მისაღწევად თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები - სალომე წურწუმია და ჯემალ ზაბახიძე და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი ანდერს პეტერსონი.