საქართველოს მთავრობის წევრებმა კლიმატის ცვლილების საბჭოს სხდომაზე საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის მე-3 ციკლის დოკუმენტზე (NDC 3.0) იმსჯელეს. კლიმატის ცვლილების საბჭოს სხდომა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა.
კლიმატის ცვლილების საბჭო საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად შეიქმნა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს „კლიმატის ცვლილების შესახებ“ გაეროს ჩარჩო კონვენციის და „პარიზის შეთანხმების“ ეფექტიან განხორციელებას. კლიმატის ცვლილების საბჭოს როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველოს კლიმატის ცვლილების პოლიტიკა იყოს ამბიციური, რეალისტური და ქვეყნის განვითარების მიზნებთან შესაბამისი.
„კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკა როგორც გლობალურად, ისე ეროვნულ დონეზე არსებულ გამოწვევებს უნდა პასუხობდეს. დღეისათვის მსოფლიოში კლიმატის ცვლილება არ განიხილება, როგორც განყენებული მიმართულება, ვინაიდან მას თითქმის ყველა სექტორზე აქვს ნეგატიური ზეგავლენა, ამავდროულად, თავად სექტორებს - ენერგეტიკას, სოფლის მეურნეობას, ნარჩენების მართვას შეაქვთ მნიშვნელოვანი უარყოფითი წვლილი კლიმატის ცვლილების პროცესში. ასევე ხაზი უნდა გაესვას, რომ გარდა ეროვნულ დონეზე არსებულ გამოწვევებთან გამკლავებისა, საქართველოს აღებული აქვს კონკრეტული საერთაშორისო ვალდებულებები. გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისა (UNFCCC) და მისი პარიზის შეთანხმების მხარე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ყოველ 5 წელიწადში ერთხელ უნდა მომზადდეს ეროვნულად განსაზღვრული წვლილის (NDC) დოკუმენტი, რომლითაც სათბურის აირების ემისიების შემცირების ვალდებულებას ვიღებთ. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ყოველი ახალი NDC თავის წინამორბედზე უფრო ამბიციური უნდა იყოს სათბურის აირების ემისიების შემცირების კუთხით“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მესამე ციკლის ეროვნულად განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი (NDC 3.0) მომზადებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით და სრულად შეესაბამება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.
მესამე ციკლის ეროვნულად განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი (NDC 3.0) განსაზღვრავს 2 საშუალო ვადიან მიზანს - 2030 წლისთვის საქართველოს მიერ კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების ემისიების შემცირებას (ტყის სექტორის მიერ ემისიების შთანთქმის გათვალისწინებით) 47%-ით 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო 2035 წლისთვის - ემისიების შემცირებას 50%-ით იგივე 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
კლიმატის ცვლილების საბჭო წარმოადგენს საკონსულტაციო ორგანოს. საბჭოზე განხილული დოკუმენტი დასამტკიცებლად მთავრობის სხდომაზე იქნება წარდგენილი.




