„გვაქვს ძალიან ნათელი და მკაფიო პოზიცია ე.წ. ოპოზიციურ ალიანსთან დაკავშირებით. ყველა ის ოპოზიციური ძალა, ყველა ის აქტორი, რომელიც 4 ოქტომბერს მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, არ მისულიყვნენ არჩევნებზე, არის მიუღებელი. ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს, რა ტიპის ერთობას შექმნიან ეს ძალები, არ გვაინტერესებს, რა ტიპის კამპანიას ჩაატარებენ. თუ მათ ამოძრავებდათ სახელმწიფო ინტერესები და მათი ინტერესი იყო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მოშორება, მათ ჰქონდათ შანსი თვითმმართველობის არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა, არ წასულიყვნენ სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ და არ მოეწოდებინათ ადამიანებისთვის არჩევნების ბოიკოტირება.  – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა თამარ კეკენაძემ განაცხადა.

"რეალურად რა ხდება „ოპოზიციის ალიანსში“ ყველაზე კარგად იცის „ქართული ოცნების“ სუს-მა. მდინარაძემ ღიად თქვა, რომ თვითონ იყვნენ ჩარეულები 4 ოქტომბრის ე.წ. დამხობისა და რევოლუციის მოწყობაში. თვითონ არიან თანამონაწილეები, თუ რა ხდება ამ ალიანსში. ჩვენთვის ნებისმიერი ტიპის კავშირი იმ ინდივიდებთან, პოლიტიკურ ორგანიზაციებთან და სხვადასხვა ტიპის სამოქალაქო აქტორებთან, რომლებიც 4 ოქტომბერს ჩვენს მოქალაქეებს მოუწოდებდნენ არჩევნების ბოიკოტირებისკენ, არის მიუღებელი. მათ ძალიან მძიმე პოლიტიკურ დანაშაულში მიიღეს მონაწილეობა, გაუხანგრძლივეს „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს სიცოცხლე. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს არის ოპოზიციური რეალობა და ეს არის ოპოზიცია.

ჩვენი მოსახლეობა ხედავს, რომ არ ვუღალატეთ მათ, მივიღეთ მონაწილეობა ყველა არჩევნებში. მიუხედავად მძიმე საარჩევნო რეალობისა, ჩვენ არ ვთქვით უარი მშვიდობიანად შეგვეცვალა „ქართული ოცნების“ რეჟიმი. ჩვენ ქართულ ოცნებასთან მარტო არ დავტოვეთ საქართველოს მოქალაქეები, შევედით პარლამენტსა და საკრებულოებში. ვაგრძელებთ მოქალაქეებთან ყოველდღიურ კავშირს, ვაგრძელებთ მათთვის მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებზე მუშაობას, მათ შორ8ის, პენსიაზე, ხელფასებზე, უმუშევრობაზე, ბავშვთა კვებაზე. როგორ შეაფასებენ ჩვენი მოქალაქეები ჩვენი და ოპოზიციური ერთობის საქმიანობას, ეს მათი გადასაწყვეტია და ძალიან მალე გამოჩნდება“, – განაცხადა კეკენაძემ.