დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, თინათინ ნიბლოშვილთან და თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილესთან, ელენე კაპანაძესთან, ერთად საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსის გამარჯვებულებს შეხვდა.
2026 წლის 1 სექტემბრიდან პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა, რომლის ფარგლებში თბილისის საკრებულოს აპარატში სტაჟიორების მისაღებად კონკურსი 10 პოზიციაზე გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა 478-მა კანდიდატმა მიიღო და პირველი ეტაპი წარმატებით 233-მა კანდიდატმა გადალახა.
შემფასებელმა კომისიამ კონკურსის შედეგად შეარჩია 10 საუკეთესო კანდიდატი, რომლებსაც სტაჟირების შესახებ გადაწყვეტილება უკვე ეცნობათ. შერჩეულ სტაჟიორებთან ხელშეკრულებები კი 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 3 თვის ვადით გაფორმდება.
როგორც შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, ეს პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რადგან მათ ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი თეორიული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გამოიყენონ და პროფესიული გამოცდილება მიიღონ.
„სტაჟირება ეხმარება ახალგაზრდებს, უკეთ გაიცნონ საჯარო სამსახური, განივითარონ პრაქტიკული უნარები და მომავალში საკუთარი კარიერული გზა უფრო გააზრებულად დაგეგმონ. ვფიქრობ, მსგავსი პროგრამები ხელს უწყობს ახალი, კვალიფიციური კადრების მომზადებას და საჯარო სამსახურში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, აღნიშნა, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ უნივერსიტეტში მიღებული განათლება თბილისის საკრებულოში პრაქტიკაში გამოიყენონ. მისი თქმით, კონკურის საკმაოდ სერიოზული იყო, რადგან მასში მონაწილეთა უმრავლესობა საჯარო სამსახურში სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობით დაინტერესდა.
შეხვედრის დასასრულს თინათინ ნიბლოშვილმა სტაჟიორებს საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერებინა და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ისტორია გააცნო.