პროკურატურამ მცირეწლოვანის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველომ მცირეწლოვანის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთ კერძო საბავშვო ბაღში, აღმზრდელმა მცირეწლოვანის მიმართ ძალადობა განახორციელა, რა დროსაც დაზარალებულმა დაზიანებები მიიღო.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.




