“ქართველებმა გააკეთეს არჩევანი და ეს არის ევროპული არჩევანი. ამიტომ, ჩვენ სრული სოლიდარობა უნდა გამოვხატოთ და მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ამ რეზოლუციას, რათა ვაჩვენოთ ქართველებს, რომ მათი ხმა კარგად ისმის და მათი პროტესტი კარგად ჩანს.” - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“საქართველო სრული ავტორიტარიზმის დამყარების და კრახის ზღვარზეა. საქმე მხოლოდ დემოკრატიულ უკუსვლას აღარ ეხება. ეს გეოპოლიტიკური, გარდამტეხი მომენტია.
კრემლის მიერ მხარდაჭერილი რეჟიმის კონსოლიდაცია შავ ზღვაში და საქართველოში ევროპის სტრატეგიული დამარცხება იქნება.
თუ საქართველო ამ პროცესში გაქრება, სომხეთის დასავლეთისკენ გადახრა და სწრაფვა მიუღწეველი გახდება.
საქართველო ან რუსეთის სამხედრო საგუშაგო გახდება, ან ჩვენი საერთო ევროპული მშვიდობისთვის ფარი რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის არჩევანი!
ქართველებმა გააკეთეს არჩევანი და ეს არის ევროპული არჩევანი. ამიტომ, ჩვენ სრული სოლიდარობა უნდა გამოვხატოთ და მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ამ რეზოლუციას, რათა ვაჩვენოთ ქართველებს, რომ მათი ხმა კარგად ისმის და მათი პროტესტი კარგად ჩანს.
ეს იქნება პასუხი იმ სასტიკ რეპრესიებზე, დაპატიმრებებზე, იმ ფაქტის წინააღმდეგ, რომ დღეს 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი გვყავს, იმ ფაქტის წინააღმდეგ, რომ სამოქალაქო საზოგადოება ყოველდღიური თავდასხმების ქვეშაა.
ჩვენ ევროპის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ეს ევროპული ლიდერშიფის მომენტია და ჩვენ ვიცით, ევროპის სახალხო პარტია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ ევროპის წამყვანი პოლიტიკური ოჯახი.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.