„თბილისის საკრებულო ტრადიციულად წელსაც შეუერთდა ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას, რომელიც მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება“, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მან კამპანია „ვარდისფერი ოქტომბრის“ შესახებ ისაუბრა და იმ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც დედაქალაქის მერია ამ მიმართულებით სრულიად უსასყიდლოდ ახორციელებს.

თინათინ ნიბლოშვილის თქმით, კიბოს ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკა განკურნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ქალბატონებს მოუწოდა მაქსიმალურად ჩაერთონ სკრინინგ პროგრამებში.

"უკვე მრავალი წელია, დაწყებული 1985 წლიდან, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში კამპანიის „ვარდისფერი ოქტომბერი“ ფარგლებში მთავარ სიმბოლოებს ვარდისფრად ანათებენ, ამიტომაც სიმბოლურად ოქტომბრის თვეს „ვარდისფერ ოქტომბერს“ უწოდებენ. ადგილობრივი თვითმმართველობა არის ინსტიტუცია, რომელიც ყველაზე ახლოს დგას მოსახლეობასთან, ამიტომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა საერთაშორისო კამპანიები რეალურ საქმედ ვაქციოთ. ამისი ნათელი მაგალითი ნამდვილად არის თბილისის მუნიციპალიტეტი, რომელიც სრულად აფინანსებს კვლევებს - ჩვენს მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა უფასოდ ჩაიტარონ  სკრინინგ კვლევები. მათი ჩატარება ქალბატონებს თბილისში ოთხ ლოკაციაზე სრულიად უსასყიდლოდ შეუძლიათ.   გამომდინარე იქიდან, რომ ხშირ შემთხვევაში სკრინინგ პროგრამებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული ტიპის სტიგმები, მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული კვლევა არის ჯანმრთელი ადამიანების კვლევა და მოვუწოდებ ყველა ქალბატონს, მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროგრამაში“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.