ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში, ამილახვრის N23-ში დასასვენებელი სივრცე განახლდება.

პროექტის თანახმად, დაახლოებით, 10 000 კვ.მ ფართობზე სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის ადამიანებისთვის მოეწყობა კომბინირებული სივრცე.

გამწვანებულ ტერიტორიაზე განთავსდება ორი საბავშვო-გასართობი მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით, სპორტის მოყვარულთათვის კი, მოეწყობა ორი ფიტნეს ზონა, სადაც ტრენაჟორები და მაგიდის ჩოგბურთი დამონტაჟდება. გარდა ამისა, მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონი, პანდუსი ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის, სასმელი წყლის შადრევანი, დამონტაჟდება განათებისა და სარწყავი ქსელები და დაიდგმება საპარკე საქანელა სკამები. უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიაზე ვიდეოკამერები განთავსდება. ამასთანავე, მოეწყობა სავალი ბილიკები, დაიგება ბალახი და დაირგვება მცენარეები.

დასასვენებელი სივრცის პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 1 076 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოების მიმდინარეობისას, ასევე, იგეგმება ტერიტორიაზე არსებული  სპორტული მოედნის მოწესრიგება.