ვაზისუბნის დასახლებაში 2008 წლის ომში დაღუპული გმირის, ექიმ ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობამ, დაახლოებით, 4 000 კვ. მეტრ ფართობზე აწარმოვა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო მოსასვენებელი სივრცეები და ველობილიკი, განთავსდა საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, დამონტაჟდა საბაღო ინფრასტრუქტურა და განათების ქსელი ლედ სანათებით.
დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„ისნის რაონში ადგილობრივმა გამგეობამ ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა. სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია, რა დროსაც მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი პავილიონები, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები. ასევე, განახლდება ტერიტორიაზე არსებული ფიზნეს ზონა. პროექტის შემდეგი ეტაპი იქნება ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის სრული მოწესრიგება. საუბარია, დაახლოებით, ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. მსგავსი არეალების არსებობა ყველა რაიონში, უბანში ძალიან მნიშვნელოვანია. ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, მუნიციპალიტეტი შესაბამის სამუშაოებს ეტაპობრივად ჩაატარებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, ტერიტორია მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით, ჩატარდა არსებული გამწვანების სხვლა-ფორმირების სამუშაოები, ასევე, განთავსდა ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის მემორიალური დაფა.
დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე ისნის გამგებელი აკაკი ხლაბუსტოვი და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა მენთეშაშვილი იმყოფებოდნენ.
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 510 000 ლარით დაფინანსდა.




