„ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები ისტერიას უნდა შეეშვან, მით უმეტეს ისინი, ვინც იმ ჯალათი ხელისუფლების დროს მაღალ თანამდებობებზე იყვნენ“, - განცხადება ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა, ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, გააკეთა.
მისი განცხადებით, მათი ოპოზიციონერი კოლეგები ისე ხატავენ სიტუაციას, თითქოს, იმ დროს, როდესაც ისინი თანამდებობებზე იყვნენ, ბავშვების პრობლემა საქართველოში არ იდგა.
„დღეს სხვადასხვა მიმართულებით დედაქალაქში 49 პროგრამა მოქმედებს, ასევე პროგრამები მოქმედებს ფედერალურ დონეზე. ამ პროგრამების 10 %-იც კი არ იყო იმ პერიოდში, როდესაც ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები თანამდებობებზე იყვნენ. რა თანხებს ხარჯავდნენ? ვის ემსახურებოდნენ? როგორ შეიძლება იმ ჯანდაცვის და ამ ჯანდაცვის სისტემების შედარება?! მით უფრო ბავშვებზე აპელირება დიდი უსინდისობაა“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ამას გარდა, ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე დღევანდელ სხდომაზე ვაშინგტონის ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა.
„ერთი კვირის წინ ვაშინგტონის ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა დიდი დეზინფორმაციის მატარებელი სტატია, რომლის თანაავტორი, სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქე გიორგი კანდელაკია. ეს ის გიორგი კანდელაკია, რომელიც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იდეოლოგია.
ჩვენთვის არახალია ოპოზიციის მხრიდან ჯაშუშობის თემა, ღალატის თემა, სახელმწიფოს დასმენის თემა, ყველამ კარგად იცის, დასავლურ ინსტიტუციებში ხელმოწერებით გამყარებული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დასმენის როგორი წერილები იგზავნებოდა ოპოზიციის მხრიდან, ამიტომ თითქოს ამ სტატიასთან დაკავშირებით გასაკვირიც არაფერია, თუმცა იქ წარმოუდგენელი დეზინფორმაციაა გაჟღერებული.
როგორ შეიძლება საქართველოს სახელმწიფოზე თქვა, რომ აქ ირანის სპეციალური ინსტიტუციები მოქმედებენ და ტერორიზმს უწყობენ ხელს, გადაბირების თემატიკაზე მუშაობენ თურმე ირანის სპეცსამსახურები საქართველოში და ჩვენს მოქალაქეებს შემდგომ აშშ-ს წინააღმდეგ იყენებენ.
ჩვენთვის ნათელია, რასაც ემსახურება ეს ყველაფერი. საქართველოს ყველა მოქალაქეს ნანახი აქვს ამერიკელ კონგრესმენ ჯო ვილსონისთვის საქართველოდან გადარიცხული თანხების ქვითარი. ის აქედან გაგზავნილ ე.წ. მესიჯებს „კარგად“ იყენებს. ჩვენთვის გასაკვირი არაფერია, აი ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების აზრისა და განწყობის მოსმენა კი ყოველივე ამაზე ძალიან საინტერესო იქნებოდა“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.




