დაბა ხულოში თანამედროვე სტანდარტების სასპორტო სკოლის მშენებლობა და საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ბერიძესთან ერთად გაეცნო.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონში თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და მსგავსი პროექტები ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.
„ხულოს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტი დავათვალიერეთ. ხულო ნამდვილად არის სპორტსმენებისა და ჩვენი ჩემპიონების სამჭედლო, ამიტომ ამ მიმართულებით ფოკუსირება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისთვის.
ხულოს დაბაში შენდება ახალი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, სადაც სპორტის სხვადასხვა სახეობის სექციები ამოქმედდება. ასევე, ეწყობა საფეხბურთო მოედანი, რომელიც 450 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ვფიქრობ, აღნიშნული კომპლექსი ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას და აღზრდის არაერთ ჩემპიონს.
დღესვე, სოფელ ღორჯომის ცენტრში დავათვალიერეთ მრავალფუნქციური დანიშნულების სპორტული დარბაზი. ძალიან სასიამოვნო იყო დღეს ადგილზე გვემსჯელა ახალგაზრდა სპორტსმენებთან. ეს და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომელიც დაგეგმილია ხულოს მუნიციპალიტეტში, არის ჩვენი მომავალი და ჩვენი ახალგაზრდა თაობის გაძლიერება “- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.




