აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოში პირველად აღმოჩნდა ნეოკესარიის (ანტიკური ქალაქი) ნახევრად ავტონომიური, მცირე ტირაჟით მოჭრილი ბრინჯაოს მონეტა (184–185 წწ.) — იშვიათი ნიმუში, რომელსაც განსაკუთრებული სამეცნიერო და ნუმიზმატიკური მნიშვნელობა აქვს.
აღნიშნული აღმოჩენით საქართველოს ნუმიზმატიკურ კოლექციას კიდევ ერთი უნიკალური ექსპონატი შეემატა.
მონეტის აღწერა:
შუბლი: ცენტრში გამოსახულია მარჯვნივ მიმართული ღვთაება დემეტრას დრაპირებული ბიუსტი, რომლის წინ ორი თავთავია. ირგვლივ იკითხება წარწერა: ETOYC AKP — ადგილობრივი კალენდარული თარიღი (184–185 წწ.)
ზურგი: ცენტრში გამოსახულია ფრთიანი ელვა. ირგვლივ იკითხება წარწერა: NEOKAICAREIAC (ნეოკესარია).
მონეტა განსაზღვრა გონიო-აფსაროსის არქეოლოგიური ექსპედიციის ნუმიზმატმა ირინე ვარშალომიძემ. - ნათქვამია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.