აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრთან ნინო ნიჟარაძესთან ერთად, რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ჯანდაცვის სფეროს აქტუალური საკითხები, მიმდინარე პროგრამების შესრულების დინამიკა და არსებულ გამოწვევები განიხილეს; ასევე, იმსჯელეს შესაძლებლობების გაძლიერებასა და სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებაზე.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აქტიური ტურისტული სეზონის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილური ვითარების შენარჩუნება და მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა.
„კლინიკების ხელმძღვანელებთან და ექიმებთან განვიხილეთ ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევები და ვიმსჯელეთ სამომავლო გეგმებზე. მაღალი ტურისტული ნაკადების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი დინამიურად მზარდია, რაც ნიშნავს მეტ პროგრამას და მეტ შესაძლებლობას ჩვენი მოსახლეობისთვის. გრძელდება სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარებაც. ძალიან მალე რეგიონში სამი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა დასრულდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ჩართულობა, მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება, რათა არსებული საჭიროებების შესაბამისად კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჯანდაცვის პროგრამები და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი მომსახურება“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ჯანდაცვის სისტემაში არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე მოსაზრებები და რეკომენდაციები წარმოადგინეს. აღინიშნა, რომ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, აჭარაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლს და ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
რეგიონში გრძელდება სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარებაც. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ სრულდება N1 პოლიკლინიკის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისა და მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკის მშენებლობა, ასევე დაგეგმილია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის ახალი, თანამედროვე სტანდარტების კლინიკის მშენებლობა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სოციალურ მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებზე - სოციალური სახლების მშენებლობა გრძელდება როგორც ბათუმში, ისე მუნიციპალიტეტებში. ზურაბ პატარაძის განცხადებით, სოციალური პოლიტიკის მთავარი ამოცანა არა მხოლოდ საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა, არამედ ოჯახებისთვის სრულფასოვანი და ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნაა.
სამუშაო შეხვედრას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილი, აჭარის მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების, მათ შორის ინფექციური საავადმყოფოს, რესპუბლიკური საავადმყოფოსა და N1 პოლიკლინიკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.