აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ჩემპიონი გუნდების - კალათბურთის, რაგბისა და ხელბურთის კლუბების სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა.
შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ცინცაძე და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე ესწრებოდნენ.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტულ კლუბებს - სარაგბო კლუბ „ბათუმს“, საკალათბურთო კლუბს „ბათუმი 2010“ და ხელბურთის კლუბს „ბსბ ბათუმი“ გამორჩეული შედეგების და მიღწევებისთვის ერთჯერადი ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
ზურაბ პატარაძემ, სპორტსმენებისადმი მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ საქართველოს ჩემპიონის ტიტულების მოპოვება სპორტსმენებისა და მწვრთნელების მრავალწლიანი შრომის შედეგია და მნიშვნელოვანი სტიმულია ახალგაზრდებისთვის აქტიურად ჩაერთონ სპორტულ ცხოვრებაში.
„სპორტსმენებზე ზრუნვა და სპორტის განვითარების ხელშეწყობა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. დღეს გვქონდა შეხვედრა ჩემპიონი კლუბების სპორტსმენებთან, რომლებმაც მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანეს რეგიონს და გახდნენ საქართველოს ჩემპიონები. მათი შრომა, სპორტული ჟინი და მიღწეული წარმატება დიდი სტიმულია ახალგაზრდებისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და სპორტის კიდევ უფრო განვითარებისათვის.
ეს გამარჯვება მრავალწლიანი შრომის და პროფესიონალიზმის შედეგია. აჭარის მთავრობისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო ჩვენი მადლიერებისა და მხარდაჭერის გამოხატულებაა. დარწმუნებული ვარ, ეს წახალისება დამატებითი მოტივაცია იქნება სპორტსმენებისთვის, რათა მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანონ ჩვენს რეგიონსა და ქვეყანას" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
მთავრობის თავმჯდომარის თქმით, სპორტსმენებისთვის ღირსეული პირობების შექმნა და თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონში ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება, რისთვისაც აჭარის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა დანიშნულების სპორტული ობიექტების მშენებლობა, განახლება და რეაბილიტაცია.




