თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ცინცაძე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი გუნდი წინასაარჩევნო დაპირებებს არ ასრულებს. როგორც ავთანდილ ცინცაძემ განაცხადა, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, თუ ვის ენდობა მოსახლეობა.
„ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებისგან მოვისმინეთ, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ იმას, რასაც შევპირდით მოსახლეობას და საერთოდ არაფერს არ ვპირდებოდით ხალხს. არადა მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ჰქონდათ საარჩევნო პროგრამა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ესაუბრებოდნენ მოსახლეობას სამომავლო გეგმებზე. არცერთ სხვა პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებს პროგრამა არ წარუდგენიათ. ყველამ ნათლად დავინახეთ, თუ როგორი არჩევანი გააკეთა მოსახლეობამ და რა შედეგი დადგა არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა საარჩევნო დაპირებების შესრულების დღევანდელ ფაქტზეც შესახებ ისაუბრა, როდესაც დედაქალაქის მერმა კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 60 ოჯახს ბინები გადასცა.
„ჩვენი გუნდის მიერ გაკეთებული საქმეების ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. დღეს 60 ოჯახს დედაქალაქის მერმა ბინები გადასცა. კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულებზე ვსაუბრობ. ხომ ვერ მეტყვით, რომელმა გუნდმა მოახერხა ამ ხალხის ბინებით დაკმაყოფილება? რომელი მერის პირობებში მოხდა 2500 ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფა? ამ ოჯახებს დღეს კიდევ 60 ოჯახი შეემატა. დარჩენილია კიდევ 500-მდე ოჯახი და მათაც აუცილებლად გადავცემთ ბინებს.
ოპოზიცია უსაგნოდ საუბრობს. ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი დღის წესრიგია ხალხის გვერდით დგომა“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.




