ჭაქვინჯის ციხეში ზუგდიდს მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თამარ ყურაშვილი იმყოფებოდნენ და ციხის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.

მერმა კულტურის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერია ჭაქვინჯის ციხემდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციასა და გარშემო საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას უზრუნველყოფს.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს ჩატარდება დამცავი ღონისძიებები და განთავსდება ქვათაცვენის საფრთხეებისგან დამცავი (ენერგიის შთანთქმის) ბადეები.
ასევე, პრაქტიკული სამუშაოების ფარგლებში, უნდა განხორციელდეს: კვლევა-ფიქსაციის სამუშაოები (3D სკანირება, გარკვეული მონაკვეთების ტრადიციული მეთოდით ანაზომების შესრულება, კედლების ზონდაჟები, საჭიროებისამებრ ხარაჩოების განთავსება, ფუძე-გრუნტებისა და დაფუძნების საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, არსებული სამშენებლო მასალების კვლევა და სხვ.); მწვანე საფარისგან (ხე-ბუჩქნარი) გაწმენდა; ციხის შიდა ტერიტორიის გრუნტისგან გაწმენდა; ტერიტორიიდან ატმოსფერული ნალექების სწორად გადაყვანის მიზნით, შესრულდება ვერტიკალური გეგმარების პროექტი; კოშკების კედლებში ქვების დაძვრის პროცესის აღმოსაფხვრელად ცალკეულ შემთხვევებში ქვები გადაეწყობა; რეაბილიტირდება მოშლილი სართულშუა გადახურვები და კოშკის გამჭოლი ბზარები. ასევე, ძეგლის ტერიტორიაზე მოეწყობა ბილიკები, მოაჯირები, საინფორმაციო ბანერები და ყველა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.

ჭაქვინჯის ციხე მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში. ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა.