რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს კუბის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საქართველოსთან, ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ის აღნიშნავს, შექმნილი ვითარება იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ  დიდი სახელმწიფოების შესაძლო მოლაპარაკებების ფონზე კუნძული შეიძლება იქცეს გავლენების გაძლიერების, ან შემსუბუქების ბერკეტად.

"კუბის სანაპიროსთან მოსალოდნელი ესკალაციაა სროლა, ზღვაში - დაჭრილი და გარდაცვლილები, ცაში - გაუქმებული რეისები, პორტებში - საწვავის დეფიციტი. ფორმალურად ეს ერთმანეთისგან „განცალკევებული" ამბებია, არსებითად კი, გარედან მართვადი კრიზისის ჩამოყალიბებული სურათი. ჰავანა აცხადებს, რომ ფლორიდაში რეგისტრირებულ სწრაფმავალ კატარღასთან შეიარაღებული ინციდენტი მოხდა, ვაშინგტონი კი, დეტალებსა და ბორტზე მყოფთა სტატუსს აზუსტებს. 

ასეთ ეპიზოდებში მნიშვნელოვანი მხოლოდ ფაქტები კი არა, მათი ინტერპრეტაციაც არის: „დივერსია“, „თავდაცვა“, „პროვოკაცია“ - აქ ნებისმიერი „იარლიყი" შეიძლება გახდეს შემდეგი ნაბიჯის საფუძველი, იქნება ეს სანქციები, პატრულირების გაძლიერება თუ საინფორმაციო ესკალაცია. პარალელურად, რამდენიმე კვირით ადრე, რუსეთმა კუნძულზე ავიარეისების შეჩერება გადაწყვიტა, საწვავის პრობლემებსა და ენერგომომარაგების არასტაბილურობაზე მითითებით. ეს მხოლოდ ლოჯისტიკა არ არის, ეს სისტემური პროცესების მკაფიო ინდიკატორია. 

როდესაც ქვეყანა საწვავის შიმშილის რეჟიმში შედის, შედეგების ჯაჭვი საკმაოდ პროგნოზირებადია: ნაკლები რეისი იწვევს ნაკლებ ტურისტს, აქედან, ნაკლებ სავალუტო შემოსავალს, რომელიც მეტ სოციალურ დაძაბულობას განაპირობებს (რუსეთი კუბის მთავარი ტურისტული წყარო იყო). ამ შემთხვევაში, გარე გადამზიდავები ან ტოვებენ ბაზარს, ან რთულ შემოვლით სქემებზე გადადიან - შედეგად, კუბა ვიწრო, მოწყვლადობის კორიდორში ექცევა. 

აქედან ჩნდება „დიდი გარიგების“ ჰიპოთეზაც - ეს ბოლო ინციდენტი და შემდგომში მოვლენათა შესაძლო განვითარება, მისი ნაწილი ხომ არაა. კუბა სიმბოლური წერტილია აშშ-ის საზღვრებთან, ისტორიული პარტნიორი მოსკოვისთვის და ამავე დროს ეკონომიკურად მოწყვლადი მოთამაშე. დიდი სახელმწიფოების შესაძლო მოლაპარაკებების ფონზე კუნძული შეიძლება იქცეს ბერკეტად: „შეგვიძლია გავაძლიეროთ წნეხი თქვენს საზღვრებთან“ - „შეგვიძლია შევამსუბუქოთ იგი“.

აქ ერთიანი რეჟისურის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა ინტერესთა დამთხვევა და კრიზისული ხაზების სინქრონიზაცია ზედმეტად თანხვედრილია, რომ იგი ფართო გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილად არ განვიხილოთ. „ახალი ვენესუელის“ სცენარიც აქ თითქოს არ იკითხება, მაგრამ რისკის ტრაექტორია აშკარაა. ეს არის მოდელი, როდესაც სანქციური და ლოჯისტიკური ზეწოლა, ენერგოდამოკიდებულება და შიდა დისბალანსები თვითმდგრად დეგრადაციის ციკლს ქმნის. სანაპიროსთან მომხდარი ძალადობრივი ინციდენტი კი, შეიძლება გახდეს დამატებითი გამკაცრების მორალურ-პოლიტიკური საფუძველი.

ასეთ ლოგიკაში კუბა კარიბის ზღვის კუნძულიდან გადაიქცევა გეოპოლიტიკურ ფიგურად დიდ საჭადრაკო დაფაზე, სადაც ყოველი გასროლა და ყოველი გაუქმებული რეისი მნიშვნელოვნად სცდება სამხედრო თუ სატრანსპორტო ჩარჩოებს. 

ალბათ ჩნდება კითხვა - აქ საქართველოში, ეს ამბავი რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გპასუხობთ - როდესაც ტურბულენტურ ზონაში მყოფ მსოფლიოში „დომინოს პრინციპით" შეიძლება ერთი მეორის მიყოლებით განვითარდეს „კუბა", „გრენლანდია", „ტაივანი" და ა.შ.  ღიმილის მომგვრელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარე თუ შიდა მოწინააღმდეგეთა „დოგმატური პოსტულატები", რომ „კი ბატონო", ყველგან სადაც გნებავთ, მაგრამ სოხუმისა და ცხინვალის საკითხების გადახედვას ადგილი არ ექნება „არასდროს". მით უმეტეს, თუ ჩვენ თვალწინ სწორედ იმ „დიდი გარიგების" ელემენტების ხორცშესხმას აქვს ადგილი. აღდგომა და ხვალეო...,“ - წერს დავით ქართველიშვილი.