„გულწრფელი თანამებრძოლები და ერთგული ამომრჩევლები თუ მხოლოდ საარჩევნო შედეგისთვის გვჭირდება, ისინი თავს უსასრულოდ არ გამოგვაყენებინებენ,“ - განაცხადა საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში გამოსვლისას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამომრჩეველთან მუდმივი კომუნიკაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემები მეტ-ნაკლებად მოგვარდეს.
დიმიტრი ხუნდაძემ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე დგას. მათ შორის კი, დაასახელა დემოგრაფიული პრობლემები, პოლიტიკური არასტაბილურობა, ფასების ზრდა, სოციალური პროექტების შეფერხება და სხვა.
„დღევანდელი პოლიტიკური რეალობა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ერთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას, რომ ამომრჩეველი არ არის სტატისტიკა, არ არის უბრალოდ ციფრი და რომ ეს არის ძალა, რომელიც წყვეტს ქვეყნის მომავალს. სწორედ ეს დაადასტურა უნგრეთში ჩატარებულმა არჩევნებმა, სადაც საზოგადოებამ მკაფიოდ გამოხატა თავისი ნება და აჩვენა, რომ საბოლოო სიტყვა ყოველთვის ხალხს ეკუთვნის. როდესაც საზოგადოებაში არსებობს კითხვები, უკმაყოფილება და მოლოდინები, საჭიროა არა მხოლოდ დაპირებები და დროის გაწელვა, არამედ რეალური ნაბიჯები და რაც მთავარია, ხალხთან მუდმივი და მჭიდრო კომუნიკაცია. გულწრფელი თანამებრძოლები და ერთგული ამომრჩევლები თუ მხოლოდ საარჩევნო შედეგისთვის გვჭირდება, ისინი თავს უსასრულოდ არ გამოგვაყენებინებენ. არჩევნებამდე ორ წელზე მეტია დარჩენილი და პრობლემები იმაზე მეტია, ვიდრე ეს დრო იქნება საკმარისი მათ მოსაგვარებლად.
დემოგრაფიულ პრობლემებზე და ოჯახური ფასეულობების გაძლიერებაზე ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ კონკრეტული ინიციატივები არ ჩანს. ამიერკავკასიაში საქართველო დემოგრაფიულად დაპატარავდა, რაც მის პოლიტიკურ წონას ამცირებს და საფრხეებს ბევრი მიმართულებით ქმნის. ფასების შემცირებაზე არა თუ ვსაუბრობთ, არამედ საპარლამენტო კომისია შევქმენით, ორი თვეა პარლამენტში სხდომებს ვმართავთ, მაგრამ ფასები იზრდება. ზოგჯერ კი, ჩვენი გადაწყვეტილებებით ამ ტენდენციებს ხელს ვუწყობთ. ასე გაკეთდა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების შეზღუდვისას, რამაც უკვე გააძვირა ავტომობილები და კიდევ კარგი, რომ პლასტმასის აკრძალვის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება გადავადდა, თორემ მომხმარებელს პროდუქცია მყისიერად გაუძვირდებოდა. ელექტროენერგიის საფასური გაიზარდა და რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე საწვავის ფასიც მუდმივად მატულობს,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.




