ევროკავშირის პროკურატურის (EPPO) განცხადებით, საფრანგეთსა და ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ჩხრეკა მიმდინარეობს.
გამოძიება ეხება ევროპარლამენტის ყოფილი მემარჯვენე ფრაქციის, „იდენტობა და დემოკრატიის“ (ID) მიერ ევროპული ფონდების სავარაუდო მითვისებასა და გაფლანგვას. აღნიშნულ ფრაქციაში მარინ ლე პენის პარტია „ეროვნული გაერთიანება“ (RN) ირიცხებოდა.
გამოცემა Le Monde-ის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიასა და ბელგიაში ტარდება. ევროპულმა პროკურატურამ, რომელიც ევროკავშირის სახსრების თაღლითობის წინააღმდეგ მებრძოლი დამოუკიდებელი ორგანოა, დაადასტურა, რომ საქმე ეხება 2019-2024 წლებში ფრაქციის მიერ 4.3 მილიონზე მეტი ევროს „არამართლზომიერ ხარჯვას“.
ახალი დარტყმა მარინ ლე პენისა და ჟორდან ბარდელას წინააღმდეგ ეს ჩხრეკა „ეროვნული გაერთიანებისთვის“ (RN) ისედაც მძიმე სასამართლო კრიზისის ფონზე მიმდინარეობს: 7 ივლისს პარიზის სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოაცხადოს საბოლოო გადაწყვეტილება, დაუწესდება თუ არა მარინ ლე პენს არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა (პასიური საარჩევნო უფლების ჩამორთმევა) ევროპარლამენტის თანაშემწეების ფიქტიური დასაქმების საქმეზე.
პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ ახალი სასამართლო ფრონტი იხსნება უშუალოდ პარტიის თავმჯდომარის, ჟორდან ბარდელას წინააღმდეგაც.
ანტიკორუფციული ასოციაცია Anticor-ის სარჩელის საფუძველზე, სასამართლო აპირებს გამოიძიოს 2015 წელს ბარდელას მიერ ევროპარლამენტარის თანაშემწედ 4 თვის განმავლობაში მუშაობის საქმე. ორგანიზაცია ბარდელას ფიქტიურ დასაქმებასა და დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს.
„დღეს დილიდან ჩხრეკა მიმდინარეობს იმ საკომუნიკაციო კომპანიების ოფისებსა და ხელმძღვანელების სახლებში, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობდნენ. როგორც ყოველთვის, სასამართლო პროცედურები ზუსტად ემთხვევა საარჩევნო კალენდარს. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს და ამას დავამტკიცებთ“, – განაცხადა ჟორდან ბარდელამ სოციალურ ქსელ X-ში.




