გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს დელეგაციის წევრებს სამინისტროს სისტემაში შიდა აუდიტორული საქმიანობის არსებული პრაქტიკა და გამოცდილება გაუზიარა.
შეხვედრის ფარგლებში, ქართულმა მხარემ აზერბაიჯანელ კოლეგებს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ორგანიზაციული მოწყობა, ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები - რისკებზე დაფუძნებული აუდიტის დაგეგმვის პრინციპები, აუდიტის ჩატარების მეთოდოლოგია და გამოყენებული სტანდარტები გააცნო.
დელეგაციის წევრებმა ინფორმაცია მიიღეს შიდა აუდიტის სისტემის ინსტიტუციური განვითარების მიმართულებების შესახებ, მათ შორის, ორგანიზაციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის, შიდა აუდიტის დებულებისა და სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის ფორმირების, ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამების, გარე შეფასებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებისა და შიდა აუდიტის ეფექტიანი მართვის მიდგომების თაობაზე.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო შიდა აუდიტის როლი სამინისტროს მართვის პროცესების გაუმჯობესებაში და აუდიტის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პრაქტიკა.
აღინიშნა, რომ შეხვედრა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის პროფესიული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას და გამოცდილების გაზიარებას შიდა აუდიტისა და შიდა კონტროლის სისტემების განვითარების მიმართულებით.




