„დღესვე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ექიმის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომ ეს ექიმი არის შესაბამისი დარგის სპეციალისტი და სულ რაღაც წუთების განმავლობაში დაიშვება ექიმი პენიტენციურ დაწესებულებაში“, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ ჟურნალისტებთან ელენე ხოშტარიას საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„არანაირი შეფერხება პირადი ექიმის დაშვებასთან დაკავშირებით მსჯავრდებულთან დაწესებულებაში არ ყოფილა და ამას, რა თქმა უნდა, ადგილი ვერც ექნებოდა. ჩვენი მხრიდან მოთხოვნილი იყო ის სავალდებულო, მართლაც რომ მინიმალური სახის დოკუმენტაცია – ეს მართლაც რომ ღიმილის მომგვრელი არის, ანუ ეს იყო პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი და, ასევე, შესაბამისი დარგის სპეციალობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც, მერწმუნეთ, ნებისმიერ ექიმს, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს... მის მიერ მოთხოვნილი ექიმი ჩვენთან №5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოსული არ ყოფილა.
ეს პროცესი უკვე აბსურდის თეატრს ემსგავსება, გამომდინარე იქიდან, რომ მსჯავრდებულის მოთხოვნის შემდეგ მას მყისიერად ჩაუტარდა ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა. მის მიერ მოთხოვნილი იყო შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მყისიერად, მეორე დღესვე განხორციელდა ამ კვლევების ჩატარება. დამატებით გეტყვით, რომ მეორე ჯერზეც განხორციელდა უფრო ღრმა კვლევის ჩატარება, ორივე შემთხვევაში გვქონდა ნეგატიური პასუხი. ლაბორატორიული კვლევების პასუხები, საბედნიეროდ, არის უარყოფითი. ანუ მას ის დაავადება არ სჭირს, რომელზეც მისი მხარე აპელირებდა. ამ წუთებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის, რა თქმა უნდა, სტაბილური“, – განაცხადა გიორგი პატარიძემ.




