ამიერიდან ქართველ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ცისტური ფიბროზი, ექნებათ ამჟამად არსებულ საუკეთესო მედიკამენტზე წვდომა სრულიად უფასოდ და იცხოვრებენ ისე, როგორც ყველა სხვა ჯანმრთელი ბავშვი.
ნდობაზე, პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და ადამიანურობაზე დამყარებული თანამშრომლობის შედეგად მოვახერეთ საქვეყნო საქმის მოგვარება. - ამის შესახებ ცისტური ფიბროზის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობელი გოგა ბერიძე სოციალურ ქსელში წერს.
უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული.
ყველა ბავშვის მშობელს ვინც არასოდეს დანებებულა, ყველა ექიმს ვინც გვერდით გვედგა, CF ასოციაციის დამფუძნებელ ნინო თედიაშვილს და რაც მთავარია მიხეილ სარჯველაძეს და მის გუნდს, რომლებმაც უდიდესი სამუშაო ჩაატარეს და ქვეყნისთვის როგორც იტყვიან საშვილიშვილო საქმე გააკეთეს.
სანამ წამლის შემოტანაზე გადაწყვეტილებას გავიგებდით მე და ნიკოს ექიმი დოდო აგლაძე ვხუმრობდით: ეს ამბავი თუ გამოვიდა შეგვიძლია მშვიდად და ამაყად წავიდეთ ამ ქვეყნიდან როცა ამის დრო მოვა თქო 🙂
მართლა, რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო მაგარი შეგრძნება, როცა იცი, რომ ათობით, ასობით (და სამომავლოდ კიდევ რამდენი დაიბადება ამ დიაგნოზით ვინ იცის) ბავშვის ბედნიერი და ჯანმრთელი ცხოვრების შექმნაში გაქვს საკუთარი და საკმაოდ დიდი კონტრიბუცია შეტანილი?
ამიტომ ვულოცავ არა მხოლოდ ბავშვებს და მშობლებს, არამედ სამინისტროს მხრიდან ჩართულ იმ ადამიანებს ვინც ამ საკითხზე მუშაობდა.
ზუსტად 2 წლის წინ, როდესაც პირველად ვისაუბრე ნიკოს დიაგნოზზე საჯაროდ, დავპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი რათა ჯანმრთელი ცხოვრება ჰქონოდა.
ჩვენ ეს შევძელით მამ ✊🏻🥹 - წერს გოგა ბერიძე "ფეისბუკში".
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციურ მედიკამენტ "ტრიკაფტას" შეიძენს