„„ნაცმოძრაობას“, მის „ენჯეოებს“, უცხოურ ძალებს ბოლომდე არც საპატრიარქო და არც ეკლესია არ აინტერესებდათ, პირიქით, შეურაცხყოფას აყენებდნენ, ლანძღავდნენ. ამბობდნენ, „ბნელეთი“, „იქიდან ცივილიზაცია არ არის“ და ა.შ. სწრაფად ხდება ინტერესის სფერო, თუ რა მოხდება სინოდის სხდომაზე. საერთოდაც, როდის აქეთ დაინტერესდნენ ან სინოდში რა ხდება, ან მართვა გამგეობის დებულებაში რა წერია, ან სამომავლოდ ეკლესიაში რა მოხდება? რატომ დაინტერესდნენ, ხომ თავიდან ბოლომდე ამბობენ, რომ იქ არის სიბნელე და ასე შემდეგ? – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

"აი, ზუსტად მაგიტომ დაინტერესდნენ, რომ უნდათ, როგორმე ეკლესიაში განხეთქილება შეიტანონ, ამას სხვა ახსნა, არ შეიძლება, ჰქონდეს. ეს ხალხი, ვინც გამოდის და ვითომ ზრუნავს სამომავლო საეკლესიო ურთიერთობაზე, ეკლესიას ლანძღავდა და ამბობდა, რომ პატრიარქით დაწყებული, სასულიერო პირებით დამთავრებული, მათგან არაფერი ცივილიზაციური არ მოდიოდა.

ახლა რომ ინტერესდები, იქ რა ხდება, ეს ნიშნავს, რომ შენ გინდა, იქ გარკვეული განხეთქილება შეიტანო. დააცადონ სინოდს, დააცადონ იმ ადამიანებს, ვინც მოღვაწეობენ საპატრიარქოში, ჩატარდება წყნარად, მშვიდად სინოდი და ვისაც აირჩევს სინოდი, ის იქნება პატრიარქი.

ჩემი ინტერესი არის, რომ სინოდში, როგორც მთლიანად ეკლესიაში, გაგრძელდეს ის მიმართულება, რაც ჰქონდა პატრიარქს. ეს არის არა მხოლოდ ჩემი, არამედ მრევლის ინტერესი და ის ინტერესი, რაც პატრიარქს ჰქონდა – ესეც სიცოცხლეშივე გააჟღერა. გვესმის მანიპულაციები, რომ არ უთქვამს ეს პატრიარქს და არ უთქვამს ის. დაახლოებით რვა წლის წინ ძალიან ცხადად თქვა ის, თუ ვინ უნდოდა, რომ მოსაყდრე ყოფილიყო და, შესაბამისად, ამ წლების განმავლობაში აგრძელებდა პოზიციონირებას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.