პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი, აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომს პროქსი ომად აფასებენ არა მხოლოდ ილონ მასკი, არამედ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. 

მაჭარაშვილის განცხადებით, სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების გაფორმების პროცესი „დიფ სთეითის“ წარმომადგენელმა, ბორის ჯონსონმა ჩაშალა.

  „არამარტო ილონ მასკი, თავად შტატების პრეზიდენტი ტრამპიც ამბობს, რომ უკრაინის ომი პროქსი ომია. ტრამპის წარმომადგენლები, სახელმწიფო მდივანი და თავად ზელენსკის გარემოცვის წევრები, რომელთაგან ზოგი გაიქცა, ზოგი კი დააკავეს, ასევე საუბრობენ იმაზე, რომ როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის სტამბოლის შეთანხმება უნდა გაფორმებულიყო, ეს პროცესი „დიფ სთეითის“ წარმომადგენელმა, ბორის ჯონსონმა ჩაშალა. ვიმეორებ, ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფო მდივნის, სენატორების ან ევროპელი ლიდერების განცხადებები. ეს არის იმ უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებებიც, რომლებიც სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ და აცხადებენ, რომ შეთანხმება სწორედ ბორის ჯონსონმა ჩაშალა. ეს არის მოცემულობა. ამერიკელი სენატორები ამბობენ, რომ ჩვენი ჯარისკაცები სახლში არიან, ხოლო უკრაინელების სისხლზე ჩვენი ეკონომიკა ვითარდებაო. გერმანიის კანცლერმაც განაცხადა - რომ არა უკრაინის ომი, გერმანიის სამხედრო ინდუსტრია ასე არ გაიზრდებოდაო. მეტი როგორ უნდა დაუმტკიცდეს მსოფლიო საზოგადოებას, რომ ეს პროქსი ომია, გამოსაყენებლად გამოცხადებული ომი, რომელსაც ჯერ დასასრული არ უჩანს. ეს არის ის მოცემულობა, რაზეც ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით - რომ ამ დღეში აღმოვჩნდებოდით, თუ უარესში არა. უკრაინა საქართველოზე ათჯერ დიდია - მოსახლეობითაც, ტერიტორიითაც და სხვა შესაძლებლობებითაც. წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნებოდა საქართველო, რომ დაგვეჯერებინა ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაციისთვის, ელჩისთვის, ევროპარლამენტისა და მათი აქაური აგენტურისთვის. ეს არის რეალობა, რომელსაც ყოველდღიურად გვაჩვენებენ უცხოელი წარმომადგენლები და რომელსაც უკვე ვეღარ მალავენ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.