იაპონიაში, ტოკიოს მახლობლად მდებარე ქალაქ კოგაში, პოლიციამ 49 წლის მასაე საკურაი თავდასხმის ბრალდებით დააკავა.

გამოძიების თანახმად, მან თავის 42 წლის თანამბინადრეს ნემსითა და ძაფით ტუჩები ამიუკერა.

ტელეკომპანია NHK-ის ინფორმაციით, შემთხვევა 29 ივნისს მოხდა. დაზარალებულმა პოლიციას განუცხადა, რომ მათ შორის მომხდარი უთანხმოების გამო ბრალდებული განრისხდა და მას ფიზიკურად გაუსწორდა. მიუხედავად მძიმე დაზიანებისა, მსხვერპლმა სახლიდან გაქცევა მოახერხა.

დაზარალებული ქალი ახლომდებარე მაღაზიაში შევიდა, სადაც სიტყვიერად საუბარი ვერ შეძლო და თანამშრომლებს ფურცელი აჩვენა, რომელზეც ეწერა: „მიშველეთ“. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, საქმის გარემოებები ჯერ კიდევ ზუსტდება. არაოფიციალური ინფორმაციით, სახლში მათთან ერთად მესამე პირიც ცხოვრობდა.